Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს ოპოზიცია ხალხის თანამოაზრეებად ქცევას და „ერთიან პროტესტში“ აყოლიებას?


„არა თუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ“, - ეს სიტყვები „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ეკუთვნის.

ამ პათოსით გამოვიდა ის ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან, რომლებიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 15 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში“ შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო სტრატეგიაზე იმსჯელეს.

მომდევნო შეხვედრა მომავალ კვირაში დაინიშნა. ლიდერები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ შეიქმნება ე.წ. საორგანიზაციო შტაბი, რათა ერთობლივად გაუკეთონ ორგანიზება „ერთიან პროტესტს“.

რა იგულისხმება „ერთიან პროტესტში“, ამ დეტალებზე დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს არ ულაპარაკიათ, თუმცა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ეს პერიოდი „ქართული ოცნებისთვის “ „მშვიდად არ ჩაივლის“. ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციამ დასახა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები. „დროას“ ლიდერი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელების დაკავებებით, ხელისუფლებისთვის მარტივად არ ჩაივლის:

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით. პირველი რაც მინდა ვთქვა, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამითი ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დემონსტრირებაა. ჩვენ ვართ ამ საკითხში აბსოლუტურად ერთიანები და შეუძლებელია რაიმე კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში, რადგან გარდა ადამიანური თანადგომისა, ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ამ ფონზე გრძელდება პოლიტიზირებული პროცესები“.

ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის და გვარამიას სასამართლო პროცესებს უწოდებენ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და ამჟამად პარტია „ლელოს“ ლიდერებს, პროკურატურა ედავება ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელიც. გამოძიება მას ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვეტილება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ სასამართლოს ბოლო სხდომა 16 დეკემბერს არის ჩანიშნული.
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისა და ახლა უკვე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება ასევე ორი წლის წინ, 2019 წელს დაიწყო. პროკურატურა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება - კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან - კიდევ რა დათქვა ოპოზიციამ?

15 დეკემბერს გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე დაითქვა ისიც, რომ სამოქმედო არეალი, ამ ეტაპზე, აქტიურად გაიშლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სერგო ჩიხლაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ გადანაწილდა ფუნქციები, თუ ვის რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს დასავლელ პარტნიორებთან:

სერგო ჩიხლაძე
სერგო ჩიხლაძე

„იქნება ერთობლივი ძალისხმევაც და იქნება ცალ-ცალკე დაგეგმილი კომუნიკაციაც, რადგან მოგეხსენებათ, რომ ყველა პარტიას, ყველა პარტიის ლიდერს თავიანთი კონტაქტები აქვთ უცხოელ დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აქაურ დიპლომატებთან და შესაბამისად, შეჯერდება ეს კომუნიკაცია“.

დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ოპოზიციურმა ჯგუფებმა უკვე გადადგეს ნაბიჯი რამდენიმე დღის წინ, 9 დეკემბერს, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეპ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელს.

ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი გაგზავნილი წერილი შვიდი პუნქტისგან შედგება. მასში აღნიშნულია მმართველი პარტიის მიერ მიშელის შეთანხმების ანულირება, სასამართლო სისტემის რეფორმირების შეფერხება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმაცია ოპოზიციონერი ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ და სხვ.

14 დეკემბერს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, იმედი გამოთქვა, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა:

კელი დეგნანი
კელი დეგნანი

„ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი“.

საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოუწოდა 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს სათაო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“ - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა - „ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაიჭრას პოლიტიკური განსხვავებები და შემცირდეს მაპოლარიზებელი რიტორიკა და ქმედებები“.

საქმეში პრეზიდენტიც ერთვება? - წვეულება ორბელიანის სასახლეში

16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ელოდება. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. ამ ინფორმაციის პარალელურად, 15 დეკემბერს გავრცელდა სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ერთობლივი ფოტო და ინფორმაციაც, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა, მას ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.

"მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მივლენ თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერები სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, "ინკლუზიური პროცესის" დაწყება იქნება?

„თბილისი მარიოტში“ გამართული შეხვედრიდან გამოსული ელენე ხოშტარია ამბობს: „ჩვენ პრეზიდენტისგან გვესმის, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამ თემაზე, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი საკითხი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ დაბლოკავს“.

სავარაუდოდ, ორბელიანის სასახლეში გამართულ წვეულებაზე არ იქნებიან „ლელოს“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა განმარტა, 16 დეკემბერს დანიშნულია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სასამართლო სხდომა, „და უხერხულია“.

„მე მაგალითად მივიდოდი“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის მიწვევას ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე. პარტიის ოფისში უკვე მივიდა მოსაწვევი ბარათი:

ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„გულწრფელად მინდა, რომ დიდი ოპტიმიზმით მივუდგე იმ დიალოგს, რომელსაც აანონსებს ქალბატონი ზურაბიშვილი. მე მსურს, რომ მან ეს ისტორიული როლი შეასრულოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, თუ არა, საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ეს არ იყოს დაბრკოლება ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის დიდი ნაპრალი, რომელიც არსებობს, როგორმე დავეხმაროთ ამ ნაპრალის ამოვსებაში, თუკი ადამიანს ამის სურვილი აქვს. მე ამას არ დავარქმევდი შერიგებას, არ მომწონს ეს სიტყვა, ეს არის უბრალოდ რეკონსილიაცია, პოლიტიკური დიალოგი, სადაც შესაძლებელია, რომ ყველა მხარე ჩაერთოს“.

პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ინკლუზიური ინიციატივაზე ჰკითხეს ჟურნალისტებმა დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძესაც. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ამ საკითხზე სიღრმისეულ კომენტარს მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როდესაც „ოპოზიცია კეთილს ინებებს და მოვა პარლამენტში, ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, ალბათ, უფრო მეტს გვეტყვიან, თუ როგორ წარმოუდგენიათ შემდგომი კომუნიკაცია პოლიტიკური სისტემის შიგნით“.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დღეს მედიას ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან აინტერესებდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქცია 21 დეკემბერს. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს საკითხი შეხვედრის განსახილველ თემათა შორის არ ყოფილა, თუმცა ამბობენ, რომ ისინი 21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე იქნებიან.

ამ ეტაპზე, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში რამდენიმე მთავარი საკითხი დგას და ამ საკითხების გადასაჭრელად მათ არც თუ იოლი გზის გავლა მოუწევთ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების ნუსხის სათავეში ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, მეორე მხრივ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოპოვება.

  • რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რა ძალას ფლობენ ისინი მომხრეებისა თუ ე.წ. გადაუწყვეტელი მოქალაქეების დასარწმუნებლად, თუნდაც მათ ქუჩაში გამოსაყვანად?
  • შეუძლიათ კი მათ მოქალაქეების თანამოაზრეებად ქცევა და იმ „ერთიან პროტესტში“ აყოლიება, რამაც ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს?

„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ (EECMD) აღმასრულებელ დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ოპოზიციას იმ შედეგს შეახსენებს, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოიპოვეს და რაც მისი თქმით, აუცილებლად გამოსაყენებელი ბერკეტია:

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

„მთავარი, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ არის ის, რომ საყოველთაო მოსაზრებით, ოპოზიციამ გაიმარჯვა თითქმის ყველა დიდ ქალაქში, რომ არ ყოფილიყო ის მრავალი მანიპულაცია და ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე, რაზეც დღეს ყველა საუბრობს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. ამიტომ ეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვკითხულობთ, რა რესურსი უჭირავს დღეს ოპოზიციას ხელში. ხანდახან მგონია, რომ თავად ოპოზიციასაც ავიწყდება ხოლმე ეს“.

კიდევ ერთი რესურსი, რომელსაც ლევან ცუცქირიძე ოპოზიციის ხელში ხედავს, არის ის ფაქტორი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა - ცვლილებების მოთხოვნა. თუმცა ამ შემთხვევაში, ფიქრობს, რომ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობა ვერ იქნება საკმარისი:

„აქ მხოლოდ ოპოზიციის მოედანზე არ არის ბურთი. რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს საკუთარი ვალდებულებები, საკუთარი პასუხისმგებლობა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მოქალაქეებმაც უნდა იგრძნონ თავი მოქალაქეებად და არ დაელოდონ იმას, რომ გამოჩნდება ვიღაც, რომლის გამარჯვებაშიც ისინი დარწმუნებულები იქნებიან და მხოლოდ მაშინ დაუჭერენ ოპოზიციას მხარს“.

თუმცა ამ სიტუაციაში, ლევან ცუცქირიძის თქმით, ოპოზიციას დასჭირდება თანმიმდევრული მწყობრი გეგმა:

„არსებულ გარემოში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც არ არის პროაქტიულად შემართული, ოპოზიციას სჭირდება უფრო თანმიმდევრულ გეგმაზე ჩამოყალიბება. აი აქ აწყდება ოპოზიცია სირთულეებს და თითქოს მუდმივად ამ ძიების პროცესშია. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა პარტიას შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული პრიორიტეტები, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ცალკე აღებული ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს ამომრჩევლის იმდაგვარად მობილიზებას, რომ გარდამტეხ შედეგს მიაღწიოს. ამიტომ არსებობს თანამშრომლობის საჭიროება და ეს თანამშრომლობა უნდა შედგეს აუცილებელი მინიმუმის გარშემო. ამაზე უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია, რა არის აუცილებელი მინიმუმი, რაზე თანამშრომლობენ და თანხმდებიან. ეს აუცილებელი მინიმუმია, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხები, ამ საკითხებზე ვხედავთ მეტნაკლებად თანამშრომლობას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უფრო უკეთ მუშაობაა საჭირო“.

„უკეთ მუშაობაში“ კი ლევან ცუცქირიძე ამომრჩეველთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს:

„წინასაარჩევნო პერიოდში იყო საუბარი, რომ ეს არჩევნები ოპოზიციისთვის იყო რეფერენდუმი, მაგრამ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის, ეს არ იყო რეფერენდუმი, ეს იყო არჩევნები, სადაც ხალხს აინტერესებდა მთელი რიგი იმ ყოფითი პრობლემების გადაჭრა, რომელიც მათ ყოველდღიურობაში აქვთ. ამ საკითხებზე სანდო პროგრამების ჩამოყალიბება, ამაზე საუბარი, იმ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, როგორიცაა მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლო, არის აუცილებელი. მათ უნდა გამოიჩინონ გონივრულობა და აჩვენონ, როგორი შეიძლება იყოს ოპოზიციის მმართველობა. რატომ არის უკეთესი ოპოზიციის მმართველობა, რა შეიცვლება მოქალაქეების ცხოვრებაში უკეთესობისკენ“.

XS
SM
MD
LG