Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" საგამოძიებო კომისიის შექმნაში დასახმარებლად ენმ-ს ორ პირობას უყენებს


პარლამენტში ოთხი დეპუტატით შესული ოპოზიციური პარტია "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაში დასახმარებლად ორ პირობას უყენებს. მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მას სხვა პარტიების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეუძლია.

"ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნაში ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ და მეორე - მათი ტელეარხების საშუალებით შეწყვეტენ ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ "ქოცების" მეგობრები, მათთან შეკრულები და ა.შ.", - უთხრა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის წევრმა "გირჩიდან".

გუშინ, 3 იანვარს პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას მიმართა, რომ მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე", სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG