Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვიმგზავროთ ყველაზე მოკლე დროში საზოგადოებრივი ტრანსპორტით


თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი, მეტრო და მიკროავტობუსები ერთიან სისტემაში ჩაერთო. განახლებული სატრანსპორტო ქსელი დღეიდან, 11 იანვრიდან ამოქმედდა.

განახლებული სისტემა იძლევა შესაძლებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აპლიკაციის ან ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქემ მგზავრობა დაგეგმოს. სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადაადგილების ყველა შესაძლო შემთხვევას და საჭირო დროს. მათ შორის, რა დროა საჭირო, მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსითა და ფეხით გადასაადგილებლად.

დრო და სატრანსპორტო საშუალებები იცვლება იმის მიხედვით, როდის გადაწყვეტს მოქალაქე მგზავრობას.

​მაგალითად, ვარკეთილიდან ფილარმონიამდე მოსახვედრად, 17:47 საათის მონაცემებით, სისტემა წერს, რომ საჭიროა 27 წუთიდან 30 წუთამდე. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი შეთავაზება იქნება მგზავრისთვის მოსახერხებელი.​

საწყის წერტილად ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მითითებისა და ბოლო წერტილად ფილარმონიის ჩაწერის შემთხვევაში ვებგვერდსა და აპლიკაციაში ჩნდება ორი შეთავაზება:

  • ერთ შემთხვევაში მგზავრს დასჭირდება #403 მიკროავტობუსისა და მეტროს პირველი ხაზის გამოყენება და 508 მეტრის ფეხით გავლა (ჯამში 27 წთ);
  • მეორე შემთხვევაში მგზავრს დასჭირდება #101 ავტობუსისა და მეტროს პირველი ხაზის გამოყენება და 599 მეტრის ფეხით გავლა.

გარდა ამისა, დღეიდან თბილისში გაჩერებებზე განთავსებულ ტაბლოებზე ავტობუსების მოსვლის დროსთან ერთად მიკროავტობუსების განრიგიც ეწერება. განახლებული სისტემა ერთიანი სატრანსპორტო ქსელში მიკროავტობუსების ინტეგრირების პროცესის ნაწილია.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტაბლოები სატესტო რეჟიმში არ მუშაობს. განახლებული მონაცემები უკვე ჩანს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტსა და აპლიკაციაშიც. ორივე ამ სივრცეში შესაძლებელია კონკრეტული ხაზის მარშრუტებისა და განრიგის მოძებნა.

#403 მიკროავტობუსი ონლაინ რეჟიმში [18:23 სთ]
#403 მიკროავტობუსი ონლაინ რეჟიმში [18:23 სთ]

მათ შორის, მგზავრს შეუძლიან ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს სად არის მისთვის სასურველი მიკროავტობუსი თუ ავტობუსი და რა გზას გადის.

#403 მიკროავტობუსის განრიგი სამუშაო დღეებში
#403 მიკროავტობუსის განრიგი სამუშაო დღეებში

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ახალი ხაზის დამატების შემთხვევაში მარშრუტების შესახებ მონაცემები სისტემაში ავტომატურად აისახება.

XS
SM
MD
LG