Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების დასრულებამდე ნუ დავაკავშირებით ამას დევნილების პრობლემასთან - ჯანდაცვის მინისტრი „ქართლში“ მამაკაცის თვითმკვლელობაზე


ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში მიუსამძიმრა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები მამაკაცის ოჯახს, რომელმაც 16 იანვარს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომხდარი, პირველადი შეფასებით, უბედური შემთხვევაა და ყველას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ მის დევნილების პრობლემასთან დაკავშირებისგან.

პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი და ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით ამ პროცესს და იმ დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, რატომ პირადად არ იყო ჩართული ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემის მოგვარებაში, მინისტრმა უპასუხა, რომ მის მოადგილეს, სრულად ჰქონდა დელეგირებული უფლება, ის შეხვდა დევნილებს და მათ პრობლემის მოგვარების სამინისტროსეული ხედვა გააცნო.

„დავინტერესდი, ჩემი მოადგილე შეხვდა. ვფიქრობ, რომ შეთანხმდნენ ყველა დეტალზე, ასევე შეთანხმდნენ პერიოდულობაზე თუ რა პერიოდულებოით ვაცნობებდით პროგრესს ამასთან დაკავშირებით, გაივლიდნენ სტატუსს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი სიტყვებით, მომდევნო 3 წლის სტრატეგიაა, 13 ათასი დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს ბინით, სულ დარჩენილია 46 ათას ოჯახამდე, რომელთა ბინით დაკმაყოფილება, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად იგეგმება.

52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობის სახურავიდან 16 იანვარს გადმოხტა.

სამინისტრო ირწმუნება, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

„ღირსეული პირობები დევნილებს!“, „30 წელია ვიცდით. როდემდე?“, „აღასრულე კანონი“, - ამ მოთხოვნებით სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ერთი კვირის წინ გამართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG