Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიტანიკი თბილისის ზღვასთან - როცა შენი სახლი ინგრევა


სანატორიუმი "ქართლი"
სანატორიუმი "ქართლი"

საბჭოთა კავშირის დროს სანატორიუმ „ქართლში“ გულის პრობლემების სამკურნალოდ მოდიოდნენ. ახლა იქ ცხოვრება რისკს უქმნის 120-ზე მეტი ოჯახის არა მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც.

„ნება იბოძოს, ამოვიდეს ადამიანურად და გადახედოს, ამ დედააფეთქებულ კორპუსში რა ხდება. გაეცნოს პირობებს, ყველა დევნილის ოჯახში შევიდეს და ნახოს, რა პირობებია“, - ეუბნება 24 წლის მურთაზი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მინისტრთან შესახვედრას სთავაზობენ.

მურთაზი აქ ცხოვრობს დედასთან, და-ძმასთან, დისშვილთან, ორ დეიდასათან, ორ ძაღლსა და ერთ კატასთან ერთად. შენობას ის მოგვიანებით დაგვათვალიერებინებს.

იქამდე თბილისის ზღვასთან, ვანათის ქუჩაზე, სანატორიუმ „ქართლის“ ყოფილი შენობის წინ, აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორედ.

2021 წლის 30 დეკემბერს დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.
2021 წლის 30 დეკემბერს დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.

აქ უკვე 30 წელია ცხოვრობენ, თავდაპირველად 200-ზე მეტი ოჯახი, ახლა 125 დარჩა.

სახლი ინგრევა. კედლებზე იზრდება ბზარები, იყრება ბათქაში. მობინადრეები ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე ყოველდღე საფრთხეშია. შენობაში ცხოვრება სახიფათო რომაა, ამას სამი სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ბოლო დოკუმენტი 2015 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

„მრღვევი პროცესები ფუძე-გრუნტის მასივში ამჟამადაც ვითარდება, რაც შესაძლებელია მომავალში გახდეს საკვლევი შენობის მზიდი კონსტრუქციების მასიური ნგრევის მიზეზი“, - ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.

ამ დასკვნის შემდეგ 7 წელი გავიდა. შენობა არავის გაუმაგრებია. შვიდსართულიანი სახლის დასავლეთ კედელზე ბზარი იზრდება. ის შენობის სახურავამდე ადის და ბოლოსკენ სქელდება.

კორპუსის ბლოკებს შორის უკვე ამხელა დაშორებაა.
კორპუსის ბლოკებს შორის უკვე ამხელა დაშორებაა.

„ჩვენ ამას ვეძახით ტიტანიკს, ხუმრობით. ჯვარი გვწერია, მართლა ტიტანიკის ბედი არ ეწიოს ბოლოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საპროტესტი აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დავით გურამიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ამტკიცებს, რომ მენაშენეებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ვანათის ქუჩაზე მცხოვრებნი ბინებს მალე მიიღებენ.

დევნილებს დაპირების აღარ სჯერათ. მათ სურთ, შენობა დაუყოვნებლივ დაცალონ.

„ძაან ბევრჯერ მოსულა. იმიტო მოდიან, რომ გზა არ გადავკეტოთ, რაიმე პრობლემა არ შევქმნათ და გაგვაჩეროს რა. ერთი და იგივე… მოდიოდნენ, გვაჩუმებდნენ, დღეს, ხვალ... აი, ორ თვეში აშენდება კორპუსიო“, - ამბობს 26 წლის ნანუკა, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობს.

მიუღებელი ალტერნატივები

შეხვედრა უშედეგოდ სრულდება.

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას დევნილ მოსახლეობასთან. არის აქ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მზადაა მინისტრს შეხვდეს“, - ამბობს დავით გურამიშვილი.

მისი თქმით, სააგენტო ახლაც ცდილობს ფართის მოძიებას.

„შესაბამისი პროცედურებია გასავლელი. საცხოვრებელი ფართები, ბუნებრივია, შესყიდული უნდა გვქონდეს, რომ გავანაწილოთ. აი, ამას სჭირდება დრო და მანამდე, სანამ საფრთხის შემცველ გარემოში არიან ადამიანები, ქირის თანხით უზრუნველყოფას და უსაფრთხო გარემოში გადაყვანას უზრუნველყოფს სააგენტო“.

ბზარები მთელ შენობას ედება.
ბზარები მთელ შენობას ედება.

ხელისუფლება დევნილებს ორ ალტერნატივას სთავაზობს:

  • ქირით გადავიდნენ და ამ შემთხვევაში ყოველთვიურად 300 ლარით დააფინანსებს;
  • დევნილებს თავად შეუძლიათ მოიძიონ საცხოვრებელი ფართი და ამ შემთხვევაში კვადრატულ მეტრში სახელმწიფო გადაიხდის 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ეს პირობები კი პანსიონატ „საქართველოს“ ბინადრებს არ აკმაყოფილებთ. და საქმე მხოლოდ თანხების სიმწირეში არაა. მათი თქმით, ხელისუფლების ნდობა დიდი ხანია დაკარგეს.

„იმდენი მაგალითები გვაქვს, 300 ლარი გადაუხდიათ ორი თვე და, ბოდიში და, ტრაკში პანღური ამოურტყამთ მერე, აღარ გვაქ ფულიო“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

“სუპერადგილია”

საჯარო მოხელეების წასვლის შემდეგ, მურთაზს ბზარების დასათვალიერებლად მივყავარ.

მესამე სართულიდან მეოთხის დანახვა შეგიძლიათ.
მესამე სართულიდან მეოთხის დანახვა შეგიძლიათ.

ის ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა. მიყვება, რომ ბოლოს 2009 წელს გაამაგრეს.

მას შემდეგ, სახლი ნელ-ნელა იშლება.

„ცვივა რა… ღამე გვიან მიწევს მოსვლა. არაფრის ხმა არ ისმის და ეგრევე მესმის, რაღაც ნაწილი თუ ვარდება კორპუსიდან“.

იმისდა მიუხედავად, რომ აქ მთელი ცხოვრება გაატარა, სახლთან არავითარი სენტიმენტები არ აკავშირებს. ბინადრებს არ აქვთ გაზი და ყველა შეშით თბება. მობილური კავშირიც ცუდად იჭერს.

„როცა შემეძლება, დიდი სიამოვნებით დავივიწყებ ამ ცხოვრებას“, - მეუბნება იგი მას შემდეგ, რაც ყველა ბზარი დავათვალიერეთ.

სახურავი ბოლოს 2009 წელს გამოცვალეს.
სახურავი ბოლოს 2009 წელს გამოცვალეს.

დერეფნებში სიარულისას ვგრძნობ სხვადასხვა სუნს. ვხვდები, რომ ვიღაცა ქათამს წვავს, ვიღაცა კი ხახვიან კერძს ამზადებს. იმ მომენტებში, როცა მე და მურთაზი არ ვლაპარაკობდით, სხვადასხვა ოთახიდან ყრუდ ისმოდა მობინადრეების ხმები.

„საერთოდ ყველაფერი მესმის. 4 ოთახი ერთდროულად. კარიდორში თუ გახვალ, შეიძლება მთელი კორპუსი გაიგონო და ჭკუიდან გადახვიდე. თხელი კედლებია რა…“

მურთაზი მეოთხე სართულზე ცხოვრობს, დედასთან, და-ძმასთან, დისშვილთან, ორ დეიდასათან, ორ ძაღლსა და ერთ კატასთან ერთად.

„სუპერადგილია, - მეუბნება დედამისი, ლიკა, სანამ ბინას მათვალიერებინებს, - ტუალეტიდან გავაკეთე სამზარეულო ჩემთვის. რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ადამიანის საცხოვრებელი იყოს, მარა მაინც არ გამოდის“.

ეს ადრე ტუალეტი იყო, თუმცა სამზარეულოდ გადააკეთეს. გაზის ბალონი დერეფანშია გატანილი.
ეს ადრე ტუალეტი იყო, თუმცა სამზარეულოდ გადააკეთეს. გაზის ბალონი დერეფანშია გატანილი.

მურთაზი დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, მათი პრობლემები მოგვარდება.

„შეშის ფეჩით ვთბები თბილისში, ხელ-ფეხი მაქვს, ვმუშაობ, მაგრამ საკმარისი არ არის. არ მიტყდება, არაფერი, უბრალოდ სხვანაირი შესახედია სხვისი თვალიდან. შეიძლება შენ არ შეგეცოდო, მარა ვიღაცას… შეშის ფეჩი რომ მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ ვარ, უბრალოდ შესაძლებლობა არ მაქვს“, - ამბობს იგი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 10 000-მდე ავარიული სახლია. იქ მცხოვრები ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზებას ქალაქი ეტაპობრივად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს.

***

მომდევნო დღეს დევნილები მინისტრთან შესახვედრად მაინც წავიდნენ. თუმცა მათ არა მინისტრი, არამედ მისი მოადგილე შეხვდათ. არაფერი ახალი, შეთანხმება ვერ შეძლეს.

„ისევ დაბოლება დაგვიწყეს“, - მითხრა მურთაზმა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG