Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩი „ოცნების“ რეზოლუციაზე: ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხი ჩვენ გვერდით არის. ...ეს არის მნიშვნელოვანი


უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად აფასებს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს მმართველმა პარტიამ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები, მასში გამოხატულია თავშეკავება აგრესორის სახელდებისგან. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა.

ამასთან, მისი თქმით, ის საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან.

„უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენ გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი - უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა - ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არა მხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში. მე აქ წარმოვადგენ უკრაინის სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან, არამედ ქვეყანასთან, ერთად - საქართველოსთან“, - აცხადებს იგორ დოლგოვი.

საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან", რისი დროც, მისი თქმით, არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც.

თავის მხრივ, პოლიტიკური პარტია "დროა" ოპოზიციურ პარტიებს უკრაინის მხარდასაჭერად განცხადების ტექსტს სთავაზობს, რომელშიც საქართველოც უკრაინის მსგავს კონტექსტშია მოხსენიებული. პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს განცხადებაზე ხელმოსაწერად იწვევს.

"დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ დაიწუნა და არ მიიღო. მათ უკრაინის მხარდასაჭერ ტექსტში ერთხელაც არ ახსენეს რუსეთი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტექსტს მკაფიო გზავნილებით, რომლებსაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ყველა პროდასავლური პარტია ბუნებრივად უნდა იზიარებდეს", - აცხადებენ "დროაში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG