Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ლილუაშვილს "ქოლ-ცენტრების" საქმეზე პარლამენტში იბარებს


"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მიაწოდა მედიას.

"ჩვენი ინფორმაციით, ის გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი, ამ ადამიანის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დაიწყება გამოძიება, როგორც მთავარი ე.წ. კრიშა ქოლ-ცენტრებისა, საიდანაც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ამ ბრიფინგს წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ.

"ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით, ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გასული წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც თქვეს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. ამ საქმეზე შვიდი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით:

  • "ქოლ-ცენტრის თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით";
  • "ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით, ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის 28 ოქტომბერს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ახლა უკვე ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა.

"ამ ქოლ-ცენტრების უკან, სავარაუდოდ, დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობა", - თქვა მაშინ პრემიერმა.

საქართველოში ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიებს "მთავარ არხსა" და "ფორმულას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა. მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სიცრუე და ცილისწამება.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ არ აქვთ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ლოიალური მიდგომა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას", - განაცხადა სუსმა 11 თებერვალს.

XS
SM
MD
LG