Accessibility links

site logo site logo

კარლ ჰარცელი: ვერ ვხედავთ ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მიზეზებს


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მედიის თხოვნის პასუხად ეხმაურება პარლამენტის 15 თებერვლის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ.

ევროკავშირის ელჩი ვერ ხედავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ლონდა თოლორაიასთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის ობიექტურ საფუძველს, ამასთან, დაელოდება საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას.

ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ, გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

15 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ, მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG