Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის პირადი მონაცემების გამჟღავნებისთვის ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა და დაასკვნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ:

  • ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
  • რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

სახელმწიფო ინსპექტორის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებისას ხელმძღვანელობდნენ, ერთი მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არგუმენტაციით, ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის გამორიცხვისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის ინტერესით. თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ მათ უნდა შეეფასებინათ რამდენად ლეგიტიმური იყო ეს ინტერესი და პროპორციული - მის დასაკმაყოფილებლად ექსპრეზიდენტის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროების საშუალებები:

საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იდგა საფრთხის ქვეშ და სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით“. ამის გათვალისწინებით ინსპექტორმა იმსჯელა „რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო, ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები“.

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა კანონდარღვევა შემდეგ პუნქტებში:

  • მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
  • მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 5 და 6 ნოემბერს) გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალის (2021 წლის 6 ნოემბერს) გასაჯაროებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები - გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად.

  • იხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„№18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი), ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად.

უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა რომ კანონი არ დარღვეულა:

  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების (წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება - მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად.
  • სამედიცინო ოთახში (სადაც გადაღებულია გავრცელებული ვიდეოჩანაწერი) ვიდეოთვალთვალი და აღნიშნულ სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა) მიჩნეულ იქნა კანონიერად.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით 500 ლარით დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური კი 2000 ლარით, კანონის განმეორებით დაარღვევისთვის.

„ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუკის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG