საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს, რომელიც მან 2022 წლის 18 თებერვალს გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წერილში მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვდა მის მიერ 2013 წელს გამოცემული "გრიფით საიდუმლო" დოკუმენტაციების განსაიდუმლოებას. ეს დოკუმენტები არის მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული და რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაშია ბრალდებული.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩათვალეს იმისათვის, რომ "საზოგადოებში არსებული გავრცელებული კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ". მანვე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობაა.
“რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების საქმისწარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ, უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ყველა დოკუმენტი გადაგზავნილი იქნა მთავრობის ადმინისტრაციას, რომელსაც 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-21 წლებში რამდენჯერმე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გადმოცემოდა აღნიშნული გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტები დღემდე არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ დოკუმენტებზე და მათ განსაიდუმლოებაზე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას, ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.