Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის სოციალური ქსელი ტვიტერის “ბიძაშვილია”


დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი “Truth Social” (სოციალური სიმართლე) დღეს აიფონის მფლობელებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ ბევრი აპლიკაციაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს „დიდი მოთხოვნის” ბრალია.

აპლიკაცია ეფლის ციფრულ მაღაზიაში გვიან ღამით გაჩნდა. დონალდ ტრამპი, რომელსაც ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, იუთუბსა და ტვიტერზე წელიწადზე მეტია რაც ბანი ადევს, ამბობს, რომ მის სოციალურ ქსელში ყველას შეეძლება, საკუთარი „სიმართლე” დაპოსტოს.

ამ დროისთვის აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ის წინასწარ შეუკვეთა. მაგრამ თადარიგის დამჭერებისთვისაც კი ის გაუმართავად მუშაობს. Forbes-ი, Independent-ი და სხვა მედიასაშულებები წერენ, რომ ბევრი მომხმარებელი რეგისტრაციის ეკრანს ვერ გასცდა.

სოცქსელში დარეგისტრირება ვერც რადიო თავისუფლებამ შეძლო.

"უკაცრავად, რაღაც შეცდომაა. მოგვიანებით სცადეთ"
"უკაცრავად, რაღაც შეცდომაა. მოგვიანებით სცადეთ"

მომხმარებლების ნაწილი კი „მოლოდინის რეჟიმშია” გაყინული. როგორც თავად Truth Social-ი განმარტავს, „დიდი მოთხოვნის” გამო.

პერსონალური ტვიტერი

რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის შვილმა საკუთარ ტვიტერზე მამამისის პირველი პოსტი გააზიარა. „მოემზადეთ! თქვენი საყვარელი პრეზიდენტი მალე შეგხვდებათ!” - წერდა ტრამპი.

"სიმართლის დროა!!!" - დაწერა ტრამპმა უმცროსმა.
"სიმართლის დროა!!!" - დაწერა ტრამპმა უმცროსმა.

ამ და სხვა სქრინებიდან ჩანს, რომ “Truth Social” ძალიან ჰგავს ტვიტერს, სადაც ტრამპი განსაკუთრებით აქტიური იყო. BBC-მ გამოითვალა, რომ პრეზიდენტად ყოფნისას მან 20 ათასზე მეტი ტვიტი გამოაქვეყნა.

მსგავსების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ შემქმნელებს სურთ, პლატფორმა ტვიტერს დაუკავშირონ. შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ, პოსტები ერთდროულად ორივე სოცქსელში გამოაქვეყნონ და წაიკითხონ სხვისი „ტვიტები”.

Truth Social-ის დიზაინზე ხუმრობენ კიდეც.

“- შეიძლება შენი საშინაო დავალება გადმოვაკოპირო? - კი. ოღონდ თავს ძაანაც ნუ დაიწვავ.”
“- შეიძლება შენი საშინაო დავალება გადმოვაკოპირო? - კი. ოღონდ თავს ძაანაც ნუ დაიწვავ.”

“ჩამორთმეული ხმების” პლატფორმა

ტვიტერისთვის მიბაძვას ცდილობს კიდევ ერთი მემარჯვენე სოციალური მედიასაიტი - Gettr-ი.

ამ პლატფორმას Truth social-სთან ისიც აერთიანებს, რომ მისი შემქმნელებიც უპირისპირდებიან ფეისბუკს, ტვიტერსა და სხვა ტექნოგიგანტებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახო პლატფორმაზე ხალხი, რომელთა ხმებიც გაუქმდა”, - თქვა Trump Media&Technology Group-ის წარმომადგენელმა დევიდ ნუნესმა.

კონსერვატიული ხმების დადუმების საბაბით უკვე არაერთი ალტერნატიული სოცქსელი შეიქმნა. Parler, Gab, Gettr, MyPyllow - აქ შეგიძლიათ პოსტოთ ის, რასაც ფეისბუკი და ტვიტერი წაშლიან. მაგალითად, ამტკიცოთ, რომ კორონავირუსი გლობალური შეთქმულებაა, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი გაყალბდა.

დონალდ ტრამპს ხმა სწორედ უკანასკნელი არჩევნების მერე „ჩამორთვეს”. 2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მიტინგზე მივიდა თავად ტრამპიც. არჩევნები „მოპარულია”, - თქვა მან, მხარდამჭერებს კი მოუწოდა, პროტესტი კონგრესის შენობასთან გადაეტანათ.

მსვლელობა კაპიტოლიუმის შტურმში გადაიზარდა. ცოტა ხანში, წამყვანმა სოციალურმა ქსელებმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა და იუტუბმა, ორწლიანი ბანი დაადეს, ტვიტერმა კი ის სამუდამოდ დაბლოკა. როგორც ტვიტერმა საკუთარ ოფიციალურ ბლოგში განმარტა, მთავარი მიზეზი დეზინფორმაციის გავრცელება და ძალადობის წახალისება გახდა.

შემქმნელები პირობას დებენ, რომ Truth social-ი „სრული სიმძლავრით” მარტის ბოლოს ამუშავდება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG