Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა სოცქსელმა დამბლოკა? საკუთარს შევქმნი! - დონალდ ტრამპის "სიმართლე" მალე გაეშვება


დონალდ ტრამპს წელიწადზე მეტია ფეისბუკსა და ტვიტერზე ბლოკი ადევს. სულ მალე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი პოსტების წერას განაახლებს. ამჯერად უკვე საკუთარ სოციალურ ქსელში.

“გამოჰყევით სიმართლეს” - ასეთია ახალი სოციალური ქსელის, “Truth Social”-ის სლოგანი. ის მარტის ბოლოს უნდა ამუშავდეს და App store-ზე გამოქვეყნებული დემო-ფოტოების თანახმად, აპლიკაცია ტვიტერის მსგავსია. აქაც შეძლებთ, გაჰყვეთ სხვა ადამიანებს, დაპოსტოთ, დააკომენტაროთ და ნახოთ პოპულარული თემები.

ასე გამოიყურება "სიმართლის" სამუშაო ვერსია App store-ში
ასე გამოიყურება "სიმართლის" სამუშაო ვერსია App store-ში

“მეინსტრიმული მედიის” წინააღმდეგ


2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მიტინგზე თავად ტრამპიც მივიდა. არჩევნები “მოპარულია”, - თქვა მან და მხარდამჭერებს მოუწოდა, პროტესტი კონგრესის შენობასთან გადაეტანათ.

მსვლელობა კაპიტოლიუმის შტურმში გადაიზარდა. ამის შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. წამყვანმა სოციალურმა ქსელებმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა და იუთუბმა, ორწლიანი ბანი დაადეს, ტვიტერმა კი ის სამუდამოდ დაბლოკა. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას სოციალური ქსელები იმით ამართლებდნენ, რომ ტრამპი მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენას იყენებდა და მიმდევრებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

მარტის ბოლოს, უკვე ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა Fox News-ს უთხრა, რომ ტრამპს “მეინსტრიმულმა სოციალურმა მედიამ” მიკროფონი წაართვა, მაგრამ სულ მალე ის საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება და “მისცემს ხმას ყველას, ვისაც მეინსტრიმული მედია ადუმებს”.

2021 წლის მაისში, ამუშავდა ვებგვერდი donaldjtrump.com, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებთან საკომუნიკაციოდ იყენებდა. განყოფილება “From the Desk of Donald J. Trump” ტვიტერს წააგავდა და იქ ყოფილი პრეზიდენტის პოსტები უნდა გამოქვეყნებულიყო.

ტრამპის საიტის "ფიდიც" ტვიტერს ჰგავდა
ტრამპის საიტის "ფიდიც" ტვიტერს ჰგავდა

თუმცა, ივნისის დასაწყისში განყოფილებამ მუშაობა შეწყვიტა.

ოქტომბერში ტრამპმა დააფუძნა კომპანია “Trump Media & Technology Group: (TMTG)“. მისი მისიაა, დაუპირისპირდეს “ლიბერალური მედიების კონსორციუმს” და მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც “ამერიკაში ოპოზიციურ ხმებს ახშობენ”.

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც “თალიბანს” აქვს დიდი წარმომადგენლობა ტვიტერზე, მაგრამ თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი დაადუმეს. ეს მიუღებელია“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა. „ყველა მეკითხება, რატომ არავინ უპირისპირდება მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებსო? ამას ძალიან მალე გავაკეთებთ!”

მაგრამ სოციალური ქსელის ნოემბრისთვის დაგეგმილი ბეტა-ტესტირება ჩაიშალა. დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპის კომპანიამ, სოციალური ქსელის შექმნისთვის, ინვესტიციების სახით 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, მაგრამ აშშ-ის საგამოძიებო უწყებებს სურთ დაფინანსების გამჭირვალობა შეამოწმონ.

ახალი სივრცე შეთქმულების თეორიებისთვის?

2016 წელს, გაპრეზიდენტებისთანავე, ტრამპმა თქვა, სოციალური ქსელების გამოყენებას არ ვაპირებო. მაგრამ ოვალურ კაბინეტში გადასვლის შემდეგ, ტვიტერს მიეძალა და, როგორც BBC-მ დაითვალა, 20 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა, სანამ დაბლოკავდნენ.

ამ ხნის მანძილზე, ტრამპი CNN-ს და სხვა მედიას, რომელიც კრიტიკულ კითხვებს უსვამდა, “ყალბ ახალ ამბებად” მოიხსენიებდა, უარყოფდა გლობალურ დათბობას, კორონას კი “ჩინურ ვირუსს” და “ჩვეულებერივ გაციებას” ეძახდა.

ტრამპის პრეზიდენტობის ხანა დროში ემთხვევა სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტების რიცხვის ზრდას და შეთქმულების თეორიების აღმოცენებას. ამავე პერიოდში აღზევდა QAnon, შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ამერიკას საიდუმლოდ სატანისტი-პედოფილები მართავენ, ტრამპმა კი ისინი საჯაროდ უნდა ამხილოს.

წლებია, პოლიტიკურ და კოვიდდეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ფეისბუკიცა და ტვიტერიც ათიათასობით ანგარიშს, ჯგუფსა და პოსტს ბლოკავენ.

იანვრის დასაწყისში, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “Atlantic council”-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მკაფიოდ თქვა, რომ ტექნოგიგანტების ყველა მცდელობის მიუხედავად, შეთქმულების თეორიები მაინც ვრცელდება.

ტრამპი პირველი არ არის, ვინც კონსერვატიული ხმების დადუმების საბაბით, ალტერნატიული სოცქსელი შექმნა. Parler, Gab, Gettr, MyPyllow - აქ შეგიძლიათ დაპოსტოთ ის, რასაც ფეისბუკი და ტვიტერი წაშლიან. მაგალითად, ამტკიცოთ, რომ კორონავირუსი გლობალური შეთქმულებაა, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი გაყალბდა.

86 მილიონი 4 წელიწადში

“სიმართლე” კი დებს პირობას, რომ მარტის ბოლომდე ამუშავდება, მაგრამ “ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ აპლიკაცია იმაზე ნელა იქმნება, ვიდრე დაგეგმილია. ავტორის აზრით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ტრამპი ვერ მიაღწევს აპლიკაციის შექმნის მთავარ მიზანს - ვერ მოახდენს ზეგავლენას წლევანდელ არჩევნებზე, სადაც ამერიკელებმა კონგრესის ორივე პალატა უნდა აირჩიონ.

ბიბისიმ დაიანგარიშა, რომ საკუთრი პრეზიდენტობა ტრამპმა თითქმის 150 მილიონი მიმდევრით დაასრულა. აქედან დაახლოებით 89 მილიონი მიმდევარი ტვიტერზე ჰყავდა, 33 მილიონი კი - ფეისბუკზე.

მაგრამ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, ტრამპს გაუჭირდება უახლოეს ხანში ამხელა აუდიტორიის დაბრუნება. მისი კომპანია ელოდება, რომ 2026 წლისთვის “სიმართლეს” დღეში 81 მილიონი ადამიანი გამოიყენებს. შედარებისთვის, ტვიტერს 200 მილიონზე მეტი დღიური მომხმარებელი ჰყავს, ფეისბუკს კი - თითქმის 2 მილიარდი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG