Accessibility links

site logo site logo

„ეს ომი გადაწყვეტს, გაიმარჯვებს ტოტალიტარიზმი თუ ცივილიზებული სამყარო“ - თამთა გუგუშვილი ტერნოპილიდან


თამთა გუგუშვილი, ტერნოპილი, უკრაინა, 2022 წლის 24 თებერვალი

ჟურნალისტი და მთარგმნელი თამთა გუგუშვილი წლებია უკრაინაში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ლვოვში, პოეზიის ფესტივალზე გავიცანი - თამთა ქართველ ავტორებს თარგმანში ეხმარებოდა. დღეს ის დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ტერნოპილში ცხოვრობს. კიევიდან ამ ქალაქს 450 კილომეტრი აშორებს, თუმცა ომის ხმა იქაც მკაფიოდ ისმის. თამთა ამბობს, რომ ახლა ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს - რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გამარჯვებაში?

რადიო თავისუფლება: თამთა, როგორც ვიცი, თქვენ ახლა ტერნოპილში ხართ, უკრაინის დასავლეთ ნაწილში. როგორ გათენდა დღევანდელი დილა? რა გააკეთეთ პირველი?

თამთა გუგუშვილი: დილის ექვს საათზე გამეღვიძა და მაშინვე ახალი ამბების კითხვა დავიწყე. მეც ვნახე ის საშინელი სურათი, რაც ნახა მთელმა მსოფლიომ, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ქალაქების დაბომბვა.

რადიო თავისუფლება: რას შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენი ქალაქიც შეიძლება დღეს-ხვალ დაიბომბოს?

თამთა გუგუშვილი: რამდენიმე დღის წინ, როცა რუსეთმა შემოიყვანა თავისი ტანკები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ვიდეოებიც გავრცელდა, მათი ყურებისას ასეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ომმა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს დაიწყო, თითქოს სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. დიპლომატიური, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. და რომ დაიწყო რაღაც ახალი. ის შეგრძნებაც მქონდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება. მანამდეც ვფიქრობდით, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან შემოტევას დაიწყებდა, მაგრამ როდის? ამაზე ვფიქრობდით და მაინც იმედი გვქონდა, რომ ეს ასე მალე არ მოხდებოდა, რომ ცოტა დროს მოვიგებდით და ქვეყანაც უფრო მოძლიერდებოდა... 2014 წელს, მაგალითად, უკრაინული ჯარი არ იყო ასეთი ძლიერი, როგორც დღესაა. ის უკვე მზადაა ყველაფრისთვის.

ტერნოპილი, უკრაინა, 2022 წლის 24 თებერვალი
ტერნოპილი, უკრაინა, 2022 წლის 24 თებერვალი

რადიო თავისუფლება: დასავლეთის ჩარევის და მოლაპარაკებების იმედი გქონდათ?

თამთა გუგუშვილი: კი, ისევ მქონდა იმედი, რომ როგორმე თავიდან ავიშორებდით ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ეს ომი გაცილებით მეტია, ვიდრე ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩემი აზრით, ეს არის ომი ტოტალიტარულ და ცივილიზებულ სამყაროებს შორის. დღეს ამიტომ ვართ ყველა უკრაინელები, რომ ამ ომზე იქნება დამოკიდებული, რა გაიმარჯვებს - ტოტალიტარიზმი თუ ცივილიზებული სამყარო. და ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია ჯერ კიდევ საქართველოდან. ახლა უბრალოდ უკრაინაში გადმოინაცვლა ისევ ფრონტის წინა ხაზმა.

რადიო თავისუფლება: იმ ქალაქში, სადაც თქვენ ხართ, როგორია ხალხის განწყობა?

თამთა გუგუშვილი: ტერნოპილი არის კიევიდან დაახლოებით 450 კილომეტრში. გუშინ აქ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ რადგან უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. ოპერატიულმა შტაბმა საავიაციო განგაში გამოაცხადა. სკოლებმა და ბაღებმა კი დროებით მუშაობა შეწყვიტეს.

რადიო თავისუფლება: ხალხი დადის ქუჩებში? ან რიგები ხომ არ არის მაღაზიებთან?

თამთა გუგუშვილი: ჯერ ასეთი პანიკა აქ არ იგრძნობა. არც აფთიაქებთან ან სუპერმარკეტებთან შეინიშნება რიგები. ნახევარი საათის წინ ვუყურე ბრიფინგს, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი არის ეროვნული სოლიდარობა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინული ჯარი დაგვიცავს და მეორე, მაინც გვჯერა, რომ ასე ადვილად უკრაინას არავინ დათმობს. როცა პირველად დაიწყო ომი, მაშინ, როცა მეომრებისგან ვიწერდი ინტერვიუს, ამბობდნენ, რომ ეს ომი ჯერ არც კი დაწყებულა და უფრო მასშტაბური გახდებაო. ამიტომ ჩვენ ველოდით ამას.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ უკრაინის დატოვებაზე?

თამთა გუგუშვილი: არა. არა, რა თქმა უნდა. არც ერთმა ადამიანმა არ უნდა დატოვოს უკრაინა ამ ომში და ყველა საკუთარ თავს ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გამარჯვებაში? ერთადერთი სწორი გზა დღეს არის ის, რომ უკრაინას დავუდგეთ მხარში. და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ისე, როგორც შევძლებთ.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2008 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვის და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG