Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება


საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. მოქალაქეები უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში. აქციებზე ჩართეს უკრაინის ჰიმნიც.

"დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს...

საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია", - აცხადებენ პარტია "დროაში", რომელიც თბილისში გამართული აქციის ორგანიზატორია.

გორში უკრაინის სოლიდარობის აქცია სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. აქცია ზუსტად იმ ადგილას იმართება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა კასეტური ბომბი ჩამოაგდო. მაშინ ქალაქის ცენტრში ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი და ქალაქის მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და გმობენ ოკუპაციას.

გორი
გორი

აქციის დასასრულს სამოქალაქო აქტივისტებმა "კონსერვატორული მოძრაობის" ახალგახსნილ ოფისზე მიაწებეს უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები, წუხელ კი ეს ოფისი წითელი საღებავით შეღებეს.

დღეს კიდევ ერთი აქცია, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, გაიმართა თბილისში უკრაინის საელჩოსთან. მოქალაქეებმა საელჩოს შენობასთან გაუშვეს უკრაინის დროშის ფერების ბოლი.

აქცია გაიმართა ზუგდიდშიც.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

XS
SM
MD
LG