Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის ბრძანებაც გასცა პუტინმა 


უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მე-4 დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში იქნენ გადაყვანილი.

ამის შესახებ მან 27 თებერვალს განაცხადა კრემლში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე. მიზეზად პუტინმა დაასახელა დასავლეთის ლიდერთა „აგრესიული გამონათქვამები“ რუსეთის მისამართით.

რას ნიშნავს შეკავების ძალები და მათი განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანა?

შეკავების ძალები - ეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებაა. იგულისხმება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები, მძიმე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები, მძიმე ბომბდამშენები, კონკრეტულად ტუ-95, ტუ-160 და ტუ-22. ყველაფერი, რასაც აერთიანებს „ბირთვული ტრიადა”.

სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებული რეჟიმი - ნიშნავს იარაღის გამოყენების მზადყოფნას.

„იგულისხმება, რომ თვითმფრინავების ეკიპაჟები მზაყოფნაშია გასაფრენად, შესაძლებელია, რამდენიმე, მაგალითად, შორეული რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი უკვე ჰაერშიცაა. შესაბამისად, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები მზადაა გასროლისთვის, წყალქვეშა ნავები კი, რომელზეც არის ბალისტიკური რაკეტები, როგორც წესი, ამ დროს ღია ზღვაშია გაყვანილი”, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსი პოდბერეზნიკი.

სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის განკარგულებაც გასცა პუტინმა, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო სიძლიერის საფუძველია“, - წერია ფედერაციის თავდაცვის საიტზე. აქვე აღნიშნულია, რომ „ისინი განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შესაკავებლად, ასევე აგრესორის გასანადგურებლად ომში, რომელშიც სხვადასხვა სახის იარაღი გამოიყენება, მათ შორის - ბირთვული”.

„ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, - თქვა პუტინმა თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსთან შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG