Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მელაშვილის „გათვლას“ სანქტ-პეტერბურგის თეატრში აღარ ითამაშებენ - მიზეზი მწერლის უარია


აპრილიდან სანქტ-პეტერბურგში მოქმედი დამოუკიდებელი თეატრის „Дочери СОСО“-ს სცენაზე აღარ უჩვენებენ ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის ბესტსელერის, „გათვლის“ მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლს. რეპერტუარიდან „გათვლა“ მწერლის მოთხოვნით ამოიღეს - მიუხედავად იმისა, რომ ეს ანდეგრაუნდის თეატრი ომის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას ამ სპექტაკლითაც გამოხატავდა, თამთა მელაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის ფონზე, სჯობს მათ პროტესტის გამოხატვის სხვა გზებზე იფიქრონ.

რადიო თავისუფლება: თამთა, თეატრის დასი აპრილიდან აღარ ითამაშებს სპექტაკლ „გათვლას“ - ეს მოხდა შენი თხოვნის საფუძველზე. მიზეზი, როგორც ვხვდები, არის ომი უკრაინაში. როგორ აუხსენი მათ ეს გადაწყვეტილება?

თამთა მელაშვილი: ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიმიღია. ვფიქრობდი, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სწორი ღირებულებები (რამდენადაც დღეს ეს შესაძლებელია გქონდეს რუსეთში), ხომ არ ვუხშობ ომის წინააღმდეგ გამოსვლის საშუალებას - ომისავე საწინააღმდეგო ამ სპექტაკლით-მეთქი? სანამ თეატრის პროდიუსერს ჩემს გადაწყვეტილებას ვეტყოდი, ამაზე ბევრი ვიფიქრე. ბოლოს მივწერე, რომ სწორედ უკრაინაში ომის გამო, აპრილიდან, სპექტაკლი უნდა მოეხსნათ.

რადიო თავისუფლება: როგორ მიიღეს შენი ეს გადაწყვეტილება? ახლახან წავიკითხე სწორედ ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტის, ანა მონგაირის გამოხმაურება მაგ ამბავზე - ის შენზე წერს, ძალიან მინდა, ავტორს ვინმემ აუხსნას, რომ რუსეთში „გათვლის“ თამაში არის თამთა მელაშვილის წვლილი მშვიდობისთვის და არა ომისთვისო. ის წერს ასევე, რომ ომი ყველას ეხება და ანადგურებს, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც.

თამთა მელაშვილი: თეატრიდან მიპასუხეს, რომ ისინიც მონაწილეობდნენ ომის საწინააღმდეგო გამოსვლებში, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც და რომ ეს სპექტაკლი დარჩათ ომის წინააღმდეგ ერთადერთ თვითგამოხატვად - ეს ის იყო, რაზეც მეც ვფიქრობდი. და კი, ომი მართლაც ყველას ეხება, როგორც „დოჟდის“ ჟურნალისტიც წერს, მაგრამ არა ყველას ერთნაირად. მათ ეს ომი არ ეხებათ ისე, როგორც ხალხს უკრაინაში, მაგალითად, როგორც ამ წამს მარიუპოლის მოსახლეობას. ამიტომ თეატრის პროდიუსერსაც ავუხსენი, რომ არც მორალურად, არც სიმბოლურად ახლა არ მიმაჩნია სწორად, მათ ითამაშონ ეს სპექტაკლი.

რადიო თავისუფლება: შენ რას პასუხობ მთავარ არგუმენტს, რომ მათ დღეს ესღა დარჩათ გამოხატვის ერთადერთ საშუალებად?

თამთა მელაშვილი: მე ვფიქრობ, რომ დღეს, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ანდეგრაუნდ თეატრში ნათამაშევი სპექტაკლი რეალურად არაფერს ცვლის ომთან მიმართებაში. გარდა იმისა, რომ გულს ატკენს იქ მისულ მაყურებელს იმ ორი საათის განმავლობაში. შესაძლოა, კიდევ ერთი დღე იფიქრონ იმაზე, თუ რა ცუდია ომი. საერთო სურათს ეს არ შეცვლის. ამიტომ, მოდი, იპოვონ სხვა გზები ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, რაც იქნება უფრო მასშტაბური ომის წინააღმდეგ თავიანთი რეალობის გასააზრებლად და შესაცვლელად. სპექტალი, სამწუხაროდ, ამას ვერ გააკეთებს. მესმის, რომ მათ ქვეყანაში დღეს ცხოვრება არის ძალიან რთული, მაგრამ არსად ისე რთული არ არის ცხოვრება დღეს, ყოველ შემთხვევაში, დედამიწის ამ ნახევარსფეროში, როგორც არის უკრაინაში.

თამთა მელაშვილის „გათვლის“ მიხედვით სპექტაკლის პრემიერა სანქტ-პეტერბურგში მოქმედ დამოუკიდებელ თეატრში სახელწოდებით „Дочери СОСО“ 2018 შემოდგომაზე გაიმართა. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა, ჟენია ბერკოვიჩმა დადგა და საკმაო წარმატებით სარგებლობდა.

პანდემიამდე დაგეგმილი იყო მისი ჩვენება თბილისშიც, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. სპექტაკლი ამ დრომდე არც თამთა მელაშვილს უნახავს - ის არც სანქტ-პეტერბურგში წასულა პრემიერაზე და არც მანამდე, 2014 წელს დასწრებია მოსკოვის წიგნის ფესტივალს, სადაც მიწვეული იყო, როდესაც „გათვლა“ რუსულად ითარგმნა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG