Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამარჯობა, სოფი, ბინის ქირა 100 დოლარით უნდა გაგიზარდო" - როგორ რჩებიან ძველი მდგმურები უბინაოდ


თბილისი
თბილისი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს რუსი და ბელარუსი მიგრანტების ნაკადი მოაწყდა. მალევე, თებერვლის ბოლოს, თბილისში ბინის ქირის ფასი გაორმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც.

საცხოვრებელზე უცხოელების მხრიდან უპრეცედენტოდ გაზრდილმა მოთხოვნამ და ქირის ფასის ზრდამ წაგებიან მდგომარეობაში ჩააყენა ის მდგმურები, ვისაც ბინა ომის დაწყებამდე ჰქონდა ნაქირავები.

„18 მარტს ბინის მეპატრონემ დამირეკა და მითხრა: "ბინის ქირა უნდა გაგიზარდო. ხომ იცი, რა ხდება ახლა ბინებზე, მაკლერები მირეკავენ და უფრო ძვირად გაქირავებას მთავაზობენო. რამდენიმე დღე იფიქრე და გამაგებინე, თანხას გაზრდი თუ რას იზამო". როცა ვუთხარი, რომ ამაზე თანახმა არ ვიყავი და უფრო მეტს ვერ გადავიხდიდი, თავს უფლება მისცა, ჩემი ბიუჯეტი დაეგეგმა და მითხრა - ზაფხული მოდის, გაზის საფასური, თვეში 150-200 ლარი გადასახდელი აღარ გექნება და ეგ თანხა ქირაზე დამიმატეო. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 7 მაისს გავალ [ბინიდან]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა გეგიძე.

მას სტუდიოს ტიპის ბინა - ერთი საძინებლითა და მისაღებით, რომელიც სამზარეულოშივეა მოწყობილი, საბურთალოზე აქვს ნაქირავები, სადაც წელიწად-ნახევარია ცხოვრობს. თვეში 650 ლარს იხდიდა, ბინის მეპატრონესთან თავის დროზე ერთწლიანი ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორმებული და არასდროს არანაირი პრობლემა არ შექმნია. ახლა, ფასების მატების გამო, 600-700 ლარის ფარგლებში თამუნა იმავე უბანში ისეთსავე და მსგავს ბინას ვეღარ პოულობს. „ამ ფასად ბინები ავტოფარეხში ან მიშენებებშია მოწყობილი“, - ამბობს ის.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან და რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა ნაკადი ბელარუსიდან. „თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას და ერთმანეთს 2019 და 2022 წლების ანალოგიური პერიოდები შეადარა.

„ანუ უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დღეს, დაახლოებით, 12 000 ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. გავლენ, ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანშია, ზოგი თბილისშია“, - განაცხადა გომელაურმა, როდესაც აღნიშნა, რომ წელს, 2019 წელთან შედარებით, 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქეა შემოსული საქართველოში.

გაქირავების აგენტები რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ გაზრდილ ფასად ბინებს ძირითადად რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები ქირაობენ.

„გეთანხმებით, რომ ძალიან გაიზარდა ბინის ქირის გადასახადი. გაორმაგდა, შეიძლება ითქვას, გასამმაგდა კიდევაც, არ აქვს მნიშვნელობა, [ქალაქის] გარეუბანი იქნება თუ ცენტრალური ნაწილი“, - ამბობს სოფია ჭიღლაშვილი.

თბილისის გარდა, ბინის ქირის გადასახადი გაიზარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. რადიო თავისუფლებას ბათუმში ბინის გაქირავების ადგილობრივმა აგენტებმა უთხრეს, რომ ახლა ბათუმშიც უძრავ ქონებას, ძირითადად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქები ქირაობენ.

„ფასები როგორც ყველგან, ჩვენთანაც გაზრდილია, თან საკმაოდ. საშუალოდ, 30%-ით. გასული 2 კვირა იყო ბუმი, ძალიან ბევრი ზარი შემოგვდიოდა. დღეში, დაახლოებით, 40-50. ახლა შედარებით შემცირდა, 8-10 ზარამდეა დღეში. მდგმურების მოქალაქეობაზე ყურადღების მიქცევა 50-50%-ზეა. ზოგიერთი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შეშვების კატეგორიულად წინააღმდეგია, ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს დეტალი“, - გვეუბნება უძრავი ქონების აგენტი ტია ტარიელაძე ბათუმიდან.

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. სწორედ ამიტომ უკრანაში დაწყებული ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ქვეყანაში თავისუფლებების შეზღუდვის შემდეგ ბევრი მიგრანტი სწორედ საქართველოს მოაწყდა, თუმცა ნაწილი მეზობელ სომხეთში ჩავიდა, იქაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.

„დიახ, ჩვენთან, ისევე როგორც საქართველოში, მსგავსი პრობლემები და შეშფოთებაა. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან [ჩამოსული] ხალხის დიდი ნაკადი ჩვენი არჩევანი არ იყო, ისევე როგორც საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ, უპირველეს ყოვლისა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალდეს. სტუმრები სტუმრები არიან, მაგრამ ბინებს მხოლოდ ისინი არ ქირაობენ, არამედ ერევნელთა ნაწილიც“, - ეუებნება რადიო თავისუფლებას ერევანში მცხოვრები მარიამ მანო.

მარიამ მანო
მარიამ მანო

როგორც მარიამი გვეუბნება, შექმნილი ვითარების ეპიცენტრში ის უნებურად მოხვდა, როგორც რეპატრიანტი.

„ყოველდღე გაღვიძებისთანავე ვიღებდი მეგობრებისა და კოლეგების წერილებს ბელარუსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, თუნდაც ყაზახეთიდან და საქართველოდან, რომლებიც საცხოვრებლის პოვნაში დახმარებას მთხოვდნენ“, - ამბობს მანო.

მან გადაწყვიტა, ტელეგრამზე უძრავი ქონების გაქირავებისთვის საინფორმაციო ჯგუფი გაეხსნა - „უძრავი ქონება სომხეთში #friendly (მეგობრულ) ფასებში“, სადაც ერევანთან ერთად მითითებულია ინფორმაცია დიდი ქალაქების გიუმრის, დილიჟანისა და ვანაძორის უძრავი ქონების შესახებ.

„ტელეგრამის ჩატებში ბინის ფასებს ვზომავთ. თუ ადმინი თვლის, რომ საცხოვრებლის ღირებულება ძალიან მაღალია, მას აქვს უფლება წაშალოს ის. ანუ ხელოვნურად იქმნება პლატფორმა და ადეკვატურ ფასად დადებული ბინა მაშინვე მიფრინავს. ნაკადი, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ იზრდება და თუ მომდევნო ნაბიჯებზე არ ვიფიქრეთ, ექვს თვეში შესაძლოა ბინებიდან გამოსახლების პრობლემა გაჩნდეს“, - გვეუბნება მარიამი.

„გამარჯობა, სოფი, თბილისის უძრავი ქონების ბაზარს ვაკვირდებოდი, მომდევნო თვიდან ფასი 100 დოლარით უნდა გაგიზარდო“, - მისწერა 12 მარტს სოფიკო გვილავას ბინის მეპატრონემ. მას ბინის დაცლა მოუწია, იცოდა, „ავარდნილ“ ფასს ვერ შესწვდებოდა.

„თბილისში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ნაკადის გამო, ბაზარი შეიცვალა, მაგრამ მაინც ცოტა შოკში ვიყავი. თან ორი რამე დაემთხვა ერთმანეთს - პოლიტიკური მიზეზების გამო რუსულ IT კომპანიაში სამსახური დავტოვე და ბინაზე ფასების მატებასთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა“, - ამბობს სოფიკო გვილავა.

ის 2-ოთახიან ბინას ქალაქის ცენტრში, მთაწმინდის უბანში ერთი წლის განმავლობაში 250 დოლარად ქირაობდა. ბინის მეპატრონესთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ოჯახის ნაცნობი იყო და ამიტომ არც კონტრაქტი ჰქონია გაფორმებული.

„სხვა ისტორიებთან შედარებით, რაც მოვისმინე, ჩემი ბინის ფასი მკვეთრად არ შეცვლილა, თუმცა, $100 მაინც მნიშვნელოვანი თანხაა. ვიგრძენი, რომ მე ბინაში 350 დოლარად დამტოვებდა, თუმცა სხვაზე ალბათ უფრო მაღალ ფასად გააქირავებს, რადგან ქალაქის ცენტრში ბინებზე გიჟური მოთხოვნაა“.

ახალ ბინას ხელსაყრელ ფასად, ჯერჯერობით, ისიც ვერ პოულობს.

თბილისი
თბილისი

რისი უფლება აქვთ დამქირავებლებს?

„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან. გამქირავებელმა სამი თვე უნდა მოგცეს. ამას კანონი ავალდებულებს. ამის შემდეგაც შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის გადახდა გააგრძელო. გამქირავებელს შეუძლია გიჩივლოს, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ გამოგასახლებს“, - 12 მარტს ფეისბუკის საშუალებით კანონით მინიჭებული უფლებები განუმარტა მდგმურებს მოძრაობა „ხმამ“.

მოძრაობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღეში კონსულტაციისთვის მათ 55-მა ადამიანმა მიმართა.

„ერთის გარდა, ყველა შემთხვევა არის ასეთი: გამქირავებლები ბინის დაცლას მისი უფრო მაღალ ფასად გაქირავების მიზნით ითხოვენ. ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომელიმე გამქირავებელს ერთ თვეზე მეტი დრო მიეცა მდგმურისთვის. ზოგიერთი ერთ ან ორ კვირას აძლევს. ხშირია საკეტის გამოცვლისა და კომუნალურების გამორთვის მუქარა. ყველა ასეთი მუქარა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობენ „ხმის“ აქტივისტები. მათივე თქმით, ყველაზე ხშირად გამქირავებლები მდგმურებს პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრებიან, რაც ასევე კანონით აკრძალულია.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის მოვალეობა-პასუხისმგებლობას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. თუმცა ქირავნობის ხელშეკრულება სავალდებულო არ არის და მისი დადება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად. ბინის გამქირავებლები ხშირად ზეპირად თანხმდებიან, რადგან წერილობითი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მდგმურს უფლება აქვს, გაფრთხილებიდან 3 თვე კიდევ იცხოვროს ნაქირავებ ბინაში, გამოსახლების დაწყებისთვის კი სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG