Accessibility links

site logo site logo

მორიგი შურისმაძიებელი ნეკროფილი


ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლა მით უფრო დავრწმუნდი ამ აზრის მართებულობაში: პუტინმა იმიტომ დაიწყო ეს ომი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა.

მისი მიზანი იყო კვლა და მხოლოდ კვლა: რაც შეიძლება მეტი გვამი, მეტი სიკვდილი, მეტი ვერშემდგარი სიცოცხლე...

სხვა ყველაფერი ამ ნეკროფილური ვნების რაციონალიზების უკვე არააქტუალური მცდელობებია: ამერიკის დაჯაბნა უკრაინის ტერიტორიაზე, იმპერიის აღდგენა თუ ძალაუფლების განმტკიცება...

თავის დროზე ერიხ ფრომი ჰიტლერის მაგალითით შეეცადა ამგვარი პათოლოგიის აღწერასა და დასაბუთებას: "ადოლფ ჰიტლერი - ნეკროფილიის კლასიკური შემთხვევა", სადაც, მისი აზრით, დიქტატორის ძირეულ სურვილებს საბოლოოდ არა უკიდეგანო პატივმოყვარეობა, არამედ სწორედ განადგურების მიმართ ვნება, გვამთა სიმრავლისაკენ ლტოლვა აყალიბებს.

და ასევე ბრაზი, რისხვა, შურისძიების სურვილი... ჯერ სხვა ერებზე, მერე თავისაზე და ბოლოს ყველა ადამიანზე, ვინც გაბედავს და დიქტატორის სიკვდილის მერეც შეეცდება ცხოვრებას.

აკი ამიტომაც არ მოუწოდებდა ბუნკერში მჯდომი ჰიტლერი გერმანელ ერს, რომ ისიც მასთან ერთად უნდა დაღუპულიყო? ახლა კი პუტინი ზის ბუნკერში და ისიც ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით - თუკი რუსეთი არ იარსებებს, არც დანარჩენმა სამყარომ უნდა იარსებოსო...

და ვინ უთხრა, რომ რუსეთს არ უნდა ეარსება?

თუ რუსეთი მართლაც პუტინია, როგორც მას წლიდან წლამდე უმღერიან პროპაგანდისტები?!

შეიძლება ასეცაა და პუტინიც რუსეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ პუტინს ახლა ძალიან შურს სიცოცხლის.

მისი ავადმყოფობის შესახებ ადრეც ბევრი წერდა და ამ ბოლო დღეებში კი უფრო კონკრეტულად, რომ მას თურმე ფარისებრი ჯირკვლის კიბო ჰქონია, ამ ცნობის აქტუალიზება კი სავარაუდოდ მხოლოდ იმით არ უნდა იყოს გამოწვეული, რომ ახლა ცივილიზაცია სასოწარკვეთილი დაეძებს გამოსავალს, რადგან თავისთავად ეს დაავადება ერთმნიშვნელოვნად სულაც არ გულისხმობს ლეტალურ შედეგს, მაგრამ ვინ იცის, თუ მართლაც ასეა, რა ფსიქოლოგიურ სტადიაზეა ამის გამო თავად პუტინი, რომელიც უთუოდ ჩქარობს, კატასტროფულ შეცდომებს უშვებს და ვერაფერს აღწევს პოლიტიკურად და ისტორიულად.

ამ კაცმა ისეთ ზღვარს გადააბიჯა 2022 წლის 24 თებერვალს, საიდანაც უკან დახევა სრულიად შეუძლებელია - წინ მხოლოდ ისტორიული სიკვდილია. თუ არა ფიზიკური...

ისტორიულადვე არაერთი მმართველია ცნობილი, რომელიც ფიზიკური აღსასრულის შიშით, აგონიით მოცული, ერებზე, ქვეშევრდომებზე, ანდა საერთოდ ოჯახის წევრებზე იწყებდა შურისძიებას, რადგან არავის უნდა ჰქონოდა სიცოცხლის უფლება, თუკი დესპოტი კვდებოდა. დესპოტს ცოცხლებზე უნდა ენადირა, რათა სამყაროზე დაბოღმილს მსხვერპლად შეწირულთა სისხლს მაინც გაემხნევებინა მისი მოღალატე სხეული.

და იქნებ აქაც ეს აგონიაა?

აბა, სხვანაირად, რუსეთის რომელ გამარჯვებაზე შეიძლება ახლა ლაპარაკი?

ან როდის შეიძლებოდა?

ამიტომ რუსი დიქტატორის არაცნობიერი (თუ უკვე ცნობიერი) მოტივი მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: ადამიანთა მოდგმის სიძულვილი... სიცოცხლეზე შურისძიება.

პუტინი თვითონ კვდება... და ეს ომიც ამიტომ დაიწყო.

მორიგი შურისმაძიებელი ნეკროფილი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG