Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: პრემიერის ფრაზას [უკრაინის დასჯაზე] ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილს გაკეთებული განცხადების კრიტიკას საზოგადოების მხრიდან და ამბობს, რომ ვერანაირი უარყოფითი შეფასება მის ფრაზებს ვერ მიეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აპრილს თქვა, რომ "უკრაინა დაისაჯა და დაიჩაგრა ამ ომით" და რომ რუსეთის "შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არ არის".

"უკრაინის მიერ მიღებული ზიანი არის სამწუხაროდ უმძიმესი. უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ, არის, რა თქმა უნდა, დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს როგორც სამართლიანიც და უსამართლოც. ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს.

ხელოვნურად ნუ მოვძებნით აქ სასპეკულაციოდ. აქ სასპეკულაციო არაფერია", - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად. მედიამ მას პრემიერის განცხადების შეფასება სთხოვა.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ მოიხსენია, როგორც "ომის პარტია", უკრაინაზე საუბრისას კი თქვა, რომ მათ ამ ომის მიმდინარეობისას მოუწიათ უარის თქმა ნატოზე.

"ყველა თვალსაზრისით ზიანი, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა NATO-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება. სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც სამწუხაროა ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას.

გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე დღეს არ არის დასჯილი და დაჩაგრული, ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი განზრახვა. ეს განზრახვა არის ერთადერთი – რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს. ვითარება ძალიან მძიმეა უკრაინაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG