საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მეურვეები გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში. პროფესიით ჟურნალისტ ლიკა შავგულიძე-ბასილაიას, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა, მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა არ დაუჭირეს.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ვასილ მაღლაფერიძე: მომხრე - 83, წინააღმდეგი - 19;
- ლიკა შავგულიძე-ბასილაია: მომხრე - 31, წინააღმდეგი - 2;
- ლაშა ტუღუში: მომხრე - 108, წინააღმდეგი - 0.
კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ მხარს არ დაუჭერდნენ მათ მიერ წარდგენილ კონკურსანტს.
ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტს დასამტკიცებლად უმრავლესობაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა, ლიკა შავგულიძე-ბასილაია ოპოზიციამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ", ლაშა ტუღუში კი - სახალხო დამცველმა.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა. მის CV-ში ეს მონაცემები არ არის შეტანილი.
მაღლაფერიძეს მრავალფეროვანი ჟურნალისტური და მენეჯერული კარიერა აქვს, მათ შორის, ბოლო წლებში იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ოჯახის ტელევიზიებში წამყვან თანამდებობებზე. ამ ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ აირჩიეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე საუბარი არხის თანამშრომლებმა თებერვალში დაიწყეს. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს, სამს - უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატები, ორს - სახალხო დამცველი, ერთს კი აჭარის უმაღლესი საბჭო. ამჟამად საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე და თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე. საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან, ეს ვადა ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას 18 აპრილს ეწურებათ.