Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა


უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.

14 აპრილს ვერხოვნა რადამ მიიღო 727-ე დადგენილება „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი გენოციდის თაობაზე“, რომელსაც 365-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დადგენილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად ცნობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მისი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის ბოლო ფაზას. უკრაინის ვერხოვნა რადა მოუწოდებს გაეროს, ევროპარლამენტს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და დასავლეთის სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ ასევე აღიარონ უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს სამხედრო დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ახორციელებენ.

ორი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გენოციდი უწოდა იმას, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. 12 აპრილს ბაიდენმა სიტყვა გენოციდი თავის გამოსვლაში ორჯერ გამოიყენა.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG