Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბაიდენმა გენოციდი უწოდა უკრაინაში პუტინის მოქმედებას


აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2022 წლის მარტი.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2022 წლის მარტი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გენოციდი უწოდა იმას, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. 12 აპრილს ბაიდენმა სიტყვა გენოციდი ორჯერ გამოიყენა.

აიოვაში მყოფმა პრეზიდენტმა, აშშ-ში საწვავის გაძვირებასა და ზოგადად, ინფლაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ისიც თქვა, რომ უკრაინაში პუტინის შეჭრამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია სურსათის და საწვავის გაძვირება.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მიმართა, რომ მათი ოჯახის ბიუჯეტი ან საწვავის ავზების შევსების შესაძლებლობა დამოკიდებული არ უნდა იყოს დედამიწის მეორე მხარეს დიქტატორის მიერ ომის გამოცხადებასა და გენოციდის მოწყობაზე.

სიტყვა გენოციდის შესახებ ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს მოგვიანებით, ვაშინგტონში დაბრუნების წინ ჰკითხეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, მან გენოციდი უწოდა, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად იდეა, იყო უკრაინელი.

ჯო ბაიდენის განცხადებას ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ზელენსკი ამერიკას მადლობას უხდის უკვე გაწეული დახმარებისთვის და აცხადებს, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება გაცილებით მძიმე შეიარაღება, რათა აღკვეთოს რუსეთის შემდგომი სასტიკი დანაშაული.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვა გენოციდი პირველად გამოიყენა. მანამდე, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ქალაქ ბუჩაში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, უთანაბრდება თუ არა ეს გენოციდს. მაშინ ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ეს ომის დანაშაულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG