5 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ 3 წლით აირჩია ვასილ მაღლაფერიძე. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:
- თავად ვასილ მაღლაფერიძემ;
- იზაბელა ოსიპოპოვამ;
- ბონდო მძინარაშვილმა;
- გია მურღულიამ;
- მიხეილ ჩიკვილაძემ.
მაღლაფერიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს ზაზა აბაშიძემ და ბესიკ ლილუაშვილმა. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა ლაშა ტუღუშმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის თავმჯდომარის არჩევის საკითხის გადადებას მოითხოვდა, რადგან ამ დროისთვის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა სრულად არ არის დაკომპლექტებული.
თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბესიკ ლილუაშვილმა 2 ხმა მიიღო.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა მიმდინარე წლის 13 აპრილს დაამტკიცა. პარლამენტს მისი კანდიდატურა უმრავლესობაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს, თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა.
მაღლაფერიძე ბოლო წლებში იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიებში წამყვან თანამდებობებზე. ამ ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ აირჩიეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად.