Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხიდაშელი: ალი უზდენოვთან ერთად შევხვდი ქართველ ბიზნესმენებს


ბიზნესმენი, "კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი მთავარი მოწმე დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის 25 აპრილს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება. ხიდაშელის განცხადებას "იმედი" ავრცელებს. ამ განცხადებაში ბიზნესმენი საუბრობს როგორც რაჭაში, მისთვის 49 წლით გადაცემულ 104 000 ჰეტარ მიწის ნაკვეთზე, ასევე შეხვედრებზე, რომელიც საქართველოში გამართა "სისტემას" ვიცეპრეზიდენტ, ალი უზდენოვთან ერთად.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება.
ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა" -
ნათქვამია დავით ხიდაშელის განცხადებაში.

ალი უზდენოვი ნახსენებია ჩანაწერში, რომელიც 25 აპრილს გავრცელდა და რომელიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარს ასახავდეს. ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მონტაჟია, ოპოზიცია ჩანაწერის შინაარსის გამო ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ ალი უზდენოვი საქართველოში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრთანაც გამართა შეხვედრა.

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG