Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი "ბორჯომის" წილის ჩუქებაზე: დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.

„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც უხეშად, რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.

საჩუქრად წილის გადაცემის თაობაზე ინფორმაცია თავად კომპანიამ 19 მაისს გაავრცელა.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში იმყოფება. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ შეხშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.

"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.

ამ მომენტისთვის ისევ უცნობია წილის რა ოდენობა იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის გადაცემული, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე დამკტიცდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG