Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიმუნის ყვავილის* შესახებ


მაიმუნის ჩუტყვავილათი დაზიანებული კანის ქსოვილი.
მაიმუნის ჩუტყვავილათი დაზიანებული კანის ქსოვილი.

ჯანდაცვის სფეროს მოხელეები მთელ მსოფლიოში განგაშს ტეხენ ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე, მაიმუნის ყვავილად წოდებული, ინფექციური, ვირუსული დაავადების გავრცელების გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21 მაისს ორგანიზაციის წევრ 12 ქვეყანაში სენის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა იყო აღნუსხული. ამ ქვეყნებში ვირუსი ენდემური არ არის. ის ტრადიციულად გავრცელებული იყო დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.

გაეროს სააგენტო მოელის, რომ დაავადების ახალი შემთხვევები გამოვლინდება იმ სახელმწიფოებში, სადაც ჩვეულებრივ ის არ გვხვდება და ორგანიზაცია მომავალ დღეებში გაავრცელებს რეკომენდაციებს, რათა მაიმუნის ყვავილის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია ინფექციის ახლანდელი გავრცელებისა და მაიმუნის ჩუტყვავილათი დაავადების შედარებითი საფრთხის გარშემო.

არის თუ არა საშიში მაიმუნის ყვავილი?

მოსახლეობისთვის ახლა საფრთხე მცირეა, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა 20 მაისს.

მაიმუნის ყვავილს იწვევს ვირუსი, ხოლო სიმპტომების სახით გვხვდება სიცხის აწევა, ტკივილები და დამახასიათებელი გამონაყარი სხეულზე.

მაიმუნის ყვავილი დაკავშირებულია კლასიკურ ყვავილთან, მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით ეხება ვირუსის დასავლეთაფრიკულ შტამს, რომელიც გამოვლინდა აშშ-ში და რომლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ერთ პროცენტს უდრის.

ამ სენით დაავადებულთა უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება ორ-ოთხ კვირაში, განაცხადა ამერიკელმა მოხელემ.

ვირუსის ეს სახეობა არ ვრცელდება ისე იოლად, როგორც ეს ხდება SARS-CoV-2-ის ვირუსის შემთხვევაში, რომელმაც მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიამდე მიიყვანა.

ექსპერტების თანახმად, მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ადამიანების ახლო ფიზიკური, უშუალოდ კანის კანთან შეხებით, როცა ერთ მათგანს გამონაყარი აქვს. ექსპერტების თანახმად, ეს ფაქტორი ინფექციის გავრცელებას ხელს შეუშლის მისი გამოვლენის შემდეგ.

„კოვიდი გადადის რესპირატორული გზით და ძლიერად გადამდებია. მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში ეს ასე არ არის“, - თქვა მარტინ ჰირშმა, მასაჩუსეტსის საერთო პროფილის საავადმყოფოს ექიმმა.

„ახლა, ჩანს, ის გავრცელდა სქესობრივი გზით, გენიტალური ფორმით, როგორც სხვა სქესობრივი ინფექციები ვრცელდება, რამაც დააჩქარა მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - უთხრა სააგენტო Reuters-ს დევიდ ჰაინემანმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა.

რა აშფოთებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს?

ახლანდელი გამოვლენა ვირუსისა არატიპურია, რადგან ეს ხდება ქვენებში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ გავრცელებული არ არის. მკვლევრები ახლა ცდილობენ, გაერკვნენ, რა წარმოშობისაა ახლანდელი შემთხვევები, ხომ არ შეიცვალა რამე ვირუსში.

შემთხვევათა უმეტესობა აღნუსხულია ბრიტანეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ასევე კანადასა და ავსტრალიაში. ერთი შემთხვევაა დადგენილი ბოსტონში და აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები მოელიან, რომ გამოვლინდება მეტი შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ინფექცია მეტად გავრცელდება, რადგან მომავალ თვეებში ევროპასა და მის გარეთ იმართება ფესტივალები, შეხვედრები და ზეიმები.

როგორ დაიცვას ხალხმა თავი ინფექციისგან?

ბრიტანეთმა დაიწყო იმ მედიკოსების აცრა, რომლებსაც შეიძლება შეხება ჰქონდეთ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ პაციენტებთან, კლასიკური ყვავილის ვაქცინით, რომელსაც დაცვა შეუძლია.

აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ სტრატეგიულ მარაგში აქვს იმ რაოდენობის ვაქცინა, რომ შეიძლება აცრას აშშ-ის მთელი მოსახლეობა.

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებობს ყვავილის სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდაც.

უფრო ფართო გაგებით, ჯანდაცვის სფეროს მოხელეები აცხადებენ, რომ ადამიანები უნდა მოერიდონ უფრო მჭიდრო პირად კონტაქტს იმ პირებთან, ვინც თავს კარგად არ გრძნობს, ან გამონაყარი აქვს. ის, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მაიმუნის ყვავილი შეეყარა, უნდა განცალკევდეს და სამედიცინო დახმარებისთვის შესაბამის უწყებას მიმართოს.

რა შეიძლება იდგას მაიმუნის ყვავილის გავრცელების უკან?

„ვირუსებში არაფერი ახალი არაა და ისინი მოსალოდნელია“, - ამბობს ანჟელა რამუსენი, კანადის, სასკაჩევანის უნივერსიტეტთან არსებული ვაქცინისა და ინფექციური დაავადებების ორგანიზაციის ვირუსოლოგი. მისი აზრით, არაერთი ფაქტორი, მათ შორის მოგზაურობის ზრდა, ასევე კლიმატის ცვლილება, აჩქარებს ვირუსების გამოვლენასა და გავრცელებას.

მისი თქმით, კოვიდის პანდემიის შემდეგ კაცობრიობა უფრო ფხიზელი გახდა ნებისმიერი სახის ამგვარი აფეთქების მიმართ.

* ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ამ ვირუსული დაავადების დასახელების თავდაპირველი ვარიანტი, "მაიმუნის ჩუტყვავილა," შევცვალეთ "მაიმუნის ყვავილით."

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

XS
SM
MD
LG