Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამით მოსამართლემ დაავალა პენიტენციურ სამსახურს, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები შეუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად.

ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ადვოკატებმა არაერთ სხდომაზე მოითხოვეს. დღეს, 25 მაისის პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის საქმე უნდა განეხილათ, ადვოკატებმა ეს საკითხი ისევ დააყენეს.

სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ადგილზე მისულ ექსპერტებს ბრალდებულთან არ უშვებენ და აქამდე არც სასამართლოსგან ჰქონდათ პასუხი მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.

პოზიცია გამოხატა ბრალდების მხარემაც. პროკურორის თქმით, ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, მას და დანარჩენ ექსპერტებს საშუალება მისცენ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს თქვა, რომ "ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება [სააკაშვილის საზღვარგარეთ] გადაყვანის და ა.შ საფუძველი."

XS
SM
MD
LG