Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ არ ვართ მონები“ - სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აქციებს იწყებენ


„თუ სამუშაოს შესრულებისას იმაზე ვიფიქრეთ, თვის ბოლოს როგორ გავისტუმროთ ბანკის ვალი ან მოხუც მშობელს წამალი როგორ ვუყიდოთ, ან შვილს სასკოლო ნივთები, ბუნებრივია, სამუშაოს სათანადოდ ვერ შევასრულებთ. ეს კი, სამწუხაროდ, აისახება სასწრაფო დახმარების ხარისხსა და პაციენტთა ჯანმრთელობაზე“, - ამ სიტყვებით სრულდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელთა მიმართვა, რომელიც მათ 27 მაისს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს, ალექსანდრე კუტიბაშვილს გაუგზავნეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100%-ით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 27 მაისს მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მაგული ებიტაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმია. 11 წელია სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მუშაობს. თვის ბოლოს, მის სახელფასო ანგარიშზე დაახლოებით 1300 ლარი ირიცხება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი მათი 24-საათიანი მორიგეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თვეში 7,5 მორიგეობა უწევთ. თითო მორიგეობაში უფროსი ექიმისთვის 175 ლარია გამოყოფილი. უმცროსი ექიმისთვის უფრო ნაკლები. ამ ხელფასით უნდა დაფარონ მათ დაზღვევის ანაზღაურებაც.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის პირობებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ე.წ. დანამატი ერიცხებოდათ - თვიური შემოსავლის 50%. ანუ, უფროსი ექიმისთვის ეს თანხა 650 ლარს შეადგენდა. უმცროსი ექიმისა და მძღოლისთვის უფრო ნაკლებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ეს დანამატი მოეხსნათ.

არადა, როგორც მაგული ებიტაშვილი გვეუბნება, სასწრაფოს თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ყოფილი ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ე.წ. კოვიდ-დანამატი, უკვე როგორც გაზრდილი ხელფასი, ისე შეუნარჩუნდებოდათ:

მაგული ებიტაშვილი
მაგული ებიტაშვილი

„ძალიან გვიხარია, რომ კოვიდ-პაციენტთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პირობა, რომ ჩვენი კოვიდ-დანამატი უკვე გაზრდილი ხელფასის სახეს მიიღებდა, აღარ შესრულდა. ის ხელფასი, რაც ახლა გვაქვს, ჩვენს ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვეღარ აკმაყოფილებს. დაახლოებით 10 წლის წინ უფროსი ექიმის ხელფასი ერთ მორიგეობაზე 140 ლარს შეადგენდა. ანუ ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელფასი მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა. ამ 10 წელში, ჩვენი ცხოვრება 30 ლარზე მეტად არ გაძვირებულა? პანდემიის პერიოდში ჩვენი და ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობის რისკის ფასად ვიმუშავეთ. ძალიან ბევრმა ოჯახის წევრებს მივუტანეთ ვირუსი. პირადად ჩემ შვილს მე გადავდე ვირუსი, რომელსაც 3 თვის განმავლობაში ჰქონდა სიცხეები. ზოგიერთ მედპერსონალს მათი მიტანილი ვირუსის გამო ოჯახის წევრი დაეღუპათ. ეს ყველაფერი ჩვენს მხრებზე გადაგორდა. ექიმისთვის ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე დგომა ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს“.

10 წელია 60 წლის ბადრი ბესალაშვილი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლია. 27 მაისს, 24-საათიანი მორიგეობის დასრულების შემდეგ, ისიც აქციაზე გამოვიდა.

ბადრი ბესელაშვილის თვიური სარგო, დაახლოებით 800 ლარია. ხუთსულიან ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს. სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, მორიგეობის შემდეგ ტაქსის მძღოლობას ითავსებდა, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ დღეს ვეღარც ამას ახერხებს.

„ვუძლებთ, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გაძლება. ყველაფერი გაძვირდა. ჩვენი ხელფასი კი ერთ ადგილზეა გაყინული. ის კოვიდ-დანამატი რომ იყო, რაღაც პერიოდში ცოტა ამოვისუნთქეთ. მაგრამ ახლა ისიც რომ მოგვეხსნა და დავრჩით ამ 800 ლარზე, უკვე ძალიან გვიჭირს. ერთი პერიოდი, მანქანა ვიქირავე, ვტაქსაობდი დასვენების დღეებში, მაგრამ პატარა ბიჭი აღარ ვარ, 60 წლის ვარ, აღარ შემიძლია. 24-საათი რომ იმორიგევებ და მერე ისევ მანქანაზე დაჯდები, რა ხიფათს გადაეყრები, ვინ იცის. ან ტაქსაობის მერე ისევ 24-საათიან მორიგეობას რომ დაუბრუნდები... ამდენი ხალხი მაბარია, ექიმები, პაციენტი, ხანდახან, როცა მძიმე პაციენტია, სწრაფად გიწევს მოძრაობა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამას ხომ კონცენტრაცია სჭირდება“.

ირაკლი ამირანაშვილი, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ გამართულმა შეხვედრებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ადმინისტრაციასთან, შედეგი ვერ გამოიღო.

ნაცვლად ხელფასის ზრდისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადმინისტრაციამ, თანამშრომლებს გრაფიკის შეცვლა შესთავაზა, რაც მათთვის მიუღებელია:

ირაკლი ამირანაშვილი
ირაკლი ამირანაშვილი

„დაგვპირდნენ, რომ ხელფასების მატების მოდელის შემუშავებდნენ. მოითხოვეს ერთი კვირა. ჩვენ მივეცით მათ ეს გონივრული ვადა, ველოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი კვირის თავზე ჩვენ მათგან მივიღეთ სულ სხვა მოდელი, არა ხელფასების ზრდა დატვირთვიდან გამომდინარე, არამედ მორიგეობის დროის შემცირება, 12-საათიანი მორიგეობა. ამ ადამიანების მოთხოვნა სამუშაო დროის შემცირება არ არის, ისინი ხელფასების ზრდას ითხოვენ“.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პასუხი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს

საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა მოთხოვნებს რამდენიმე საათში, განცხადებით გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს აპრილის თვის კოვიდ-დანამატს ჩაურიცხავს:

„...სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები... მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ“.

საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლებისგან განსხვავებით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, საგანგებო სიტუაციების სამსახური მათ ხელფასებს სხვა რიცხვებში აღწერს:

„სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10 % -ით გაეზარდათ ხელფასები“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი თვიური შემოსავალი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიზარდოს, როდესაც თვის განმავლობაში დამატებითი მორიგეობა მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, თვიური შემოსავალი არ აღემატება მძღოლებისთვის 800, ხოლო უფროსი ექიმებისთვის 1312 ლარს.

აპირებენ თუ არა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, რომ პროტესტის უფრო მკაცრ ზომას, გაფიცვას მიმართონ? ამ კითხვაზე უფროსი ექიმი მაგდა გელბახიანი გვპასუხობს:

მაგდა გელბახიანი
მაგდა გელბახიანი

„საზოგადოება ნუ იფიქრებს, რომ ჩვენი პროტესტის გამო, რომელიმე პაციენტს რაიმე დააკლდება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვწყვეტთ და არ შევწყვეტთ მუშაობას, ისევ ისე ვიდგებით ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში, როგორც ვიდექით აქამდე. საპროტესტო აქციებზე ის თანამშრომლები გამოვალთ, რომლებიც იმ კონკრეტულ დღეს მორიგეები არ ვიქნებით. ჩვენმა ადმინისტრაციამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ არ ვართ მონები“.

მომდევნო საპროტესტო აქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა 31 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს წინ დაგეგმეს. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამ არ შეწყდება, სანამ ხელფასის 100%-ით გაზრდას არ მიაღწევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG