Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა, არ ვეთანხმებით ბრალდებებს“ - ძმები კაკულიები თავს უდანაშაულოდ თვლიან


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ძმებს, გურამ და დავით კაკულიებს, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 – 10 000 ლარს მოითხოვდა.

გურამ კაკულია
გურამ კაკულია

მოსამართლის კითხვას, ეთანხმებით თუ არა თქვენს მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, 26 წლის დავით კაკულიამ და 23 წლის გურამ კაკულიამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ერთხმად უპასუხეს: „არა, არ ვეთანხმებით ბრალდებებს“.

დავით კაკულია
დავით კაკულია

30 მაისს, თბილისში დაკავებული ძმები, მათ მიმართ წაყენებულ არცერთ ბრალდებას არ ეთანხმებიან. კაკულიების ინტერესების დამცველი, ადვოკატი გიორგი ანთაძე კი ირწმუნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ძმების მიმართ წაყენებულ ბრალს დაადასტურებს.

პირველ ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, გურამ და დავით კაკულიების მიმართ წაყენებული ბრალი პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა წაიკითხა.

ბრალდება #1 - განზრახ მკვლელობის მცდელობა არაყიშვილის ქუჩაზე

„27 მაისს, დაახლოებით 16:30 წუთზე, თბილისში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად, განზრახ მოკვლის მოტივით, ბრალდებულებმა სხეულზე არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენეს სერგო ქურთიაშვილს. თავიანთი ქმედებით ბრალდებულებმა ასევე საფრთხე შეუქმნეს ადგილზე მყოფ სხვა პირებს, მათ შორის, ერთ-ერთს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, რომელსაც ფეხის არეში აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა“.

ბრალდება #2 - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება

„როგორც საქმის გარემოებებით ირკვევა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დავით და გურამ კაკულიამ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში. ისინი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მათ მიერ ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობს გორგასლის ქუჩაზე. აღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“.

ბრალდება #3 - საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა

„ბრალდების თანახმად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.

თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებათა ერთიანი ჯაჭვი, რომელიც ადასტურებს, რომ 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სწორედ გურამ და დავით კაკულიებმა დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა. პროკურორის თქმით, საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-ჩანაწერები, როგორც შემთხვევის ადგილიდან, ისე ჩანაწერები, სადაც ასახულია ბრალდებულების გადაადგილების ტრაექტორია:

თამარ ყულჯანიშვილი
თამარ ყულჯანიშვილი

„რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ საქმის არსებით განხილვაში, მაგრამ ძალიან ზოგადად გავამახვილებ ყურადღებას, თუ რას ეყრდნობა ბრალდების მხარე, როდესაც საუბრობს, რომ სახეზეა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. გამოიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, ფაქტის შემსწრე მოწმე, რომელმაც ამოიცნო ბრალდებულები. წარმოდგენილია ვიდეო-ჩანაწერები, რომელზეც ასახულია, როგორც შემთხვევის ადგილი და იქ განვითარებული მოვლენები, ასევე, რამდენიმე წუთში განვითარებული მოვლენები, ანუ როგორ დატოვეს ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი, რა გზით წავიდნენ, სად გაემართნენ, ტაქსით იმგზავრეს, დადგენილია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელმაც ასევე ამოიცნო ბრალდებული და ერთიანი ჯაჭვია შექმნილი, რაც თავის მხრივ ქმნის ბრალის წარსადგენად საკმარის სტანდარტს“.

სრულიად საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი გიორგი ანთაძე. ის ირწმუნება, რომ საქმეში არ დევს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ძმები კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან რაიმე კავშირში არიან.

ადვოკატის თქმითვე, გურამ და დავით კაკულიები ირწმუნებიან, რომ ისინი არ იცნობენ არც არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილ პირს, სერგო ქურთიაშვილს, რომლის განზრახ მკვლელობის მცდელობასაც მათ გამოძიება ედავება:

გიორგი ანთაძე
გიორგი ანთაძე

„რამდენადაც კაკულიებმა განმიცხადეს, ისინი არ იცნობენ არაყიშვილზე დაჭრილ პირს და გამორიცხავენ ამ ფაქტთან საერთოდ რაიმე შემხებლობას. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, რა თქმა უნდა, გამოვიკვლევთ მათ მტკიცებულებებს და შევხედავთ, საერთოდ რაზე საუბრობს ბრალდების მხარე, ვინ არიან ამომცნობები, რა ნახეს. რაც მეც ზეპირსიტყვიერად ვიცი და ჯერჯერობით, თვალით არ მინახავს ეს ვიდეო-ჩანაწერები, თავდამსხმელები იყვნენ ე.წ. ჩაფხუტებში. როგორ ამოიცნეს ჩაფხუტებში ეს პირები? პროკურორმა შეიძლება ბევრი რამ თქვას, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები. მე მსგავსი რამ საქმეში არ მინახავს“.

რაც შეეხება რეპლიკას იმის შესახებ, რომ პირები, რომლებმაც არაყიშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ და მათ ამოცნობას შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეები ვერ შეძლებდნენ, პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი ასე პასუხობს:

„როდესაც კონკრეტულმა პირებმა ბრალდებულები დაინახეს, იმ მომენტში მათ ამოსაცნობად საკმარისი ნიშნები ჰქონდათ. კვალზე, საქმის დეტალებსა და მტკიცებულებათა შინაარსში ვერ შევა ბრალდების მხარე, თუმცა, აქ საუბარია, როგორც ფაქტის შემსწრე მოწმეების გამოკითხვაზე, ასევე ფოტო-სურათით ამოცმონაზე, ვიდეო-ჩანაწერების დათვალიერების ოქმებზე, რომლებიც შესაბამისობაშია ძირითადი მოწმეების მიერ მოწოდებულ ფაქტებთან. ერთ-ერთი მოწმეა მაგალითად, ტაქსის მძღოლი, რომელმაც ბრალდებულები ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორე ადგილამდე მიიყვანა“.

ადვოკატმა გიორგი ანთაძემ, პირველ ივნისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, ძმები კაკულიების დაკავება და მათ მიმართ წაყენებული ბრალი, სალემის ჯადოქართა სამსჯავროს შეადარა - სასამართლო პროცესს, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს გაიმართა:

„ჩვენ მივიღეთ რეალურად ის მოცემულობა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც ალბათ პურს და სანახაობას არის მონატრებული, ფაქტობრივად, მოაწყო სალემის ჯადოქართა სამსჯავრო, როდესაც 20-მდე ადამიანი ჩამოახრჩვეს ჯადოქრობის ბრალდებით და 200-მდე დააკავეს. სამწუხაროდ, დღეს, 21-ე საუკუნეში, იგივე ფაქტს ვხვდებით. რაც კი სადმე რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, ყველაფერი ამათ დაბრალდა. ასევე არ გამიკვირდება, რომ მათი პატიმრობაში ყოფნის დროს, გარეთ, სხვა ჩადენილ დანაშაულზეც ამ ბატონებს წაუყენონ ბრალი. ჩემს პრაქტიკაში, ადამიანის დაჭერისა და იარაღის ჩადების ფაქტში თუ შეიძლება რაიმე გაგიხარდეს და რაიმე დადებითი დაინახო, ის იქნება, რომ პროცესების მსვლელობის განმავლობაში, ჩვენ დავრწმუნდებით და იმ შედეგამდე მივალთ, რომ ის, რაშიც ამ ადამიანებს ედებათ ბრალი, გამართლდებიან და სრულიად ჩამოირეცხავენ იმ დაუსაბუთებელ ტალახს, რაც მათი და მათი ოჯახის მიმართ განახორციელა საზოგადოების კონკრეტულმა წრემ“.

ამ შემთხვევაში, ადვოკატი გიორგი ანთაძე, სავარაუდოდ, გულისხმობს კიდევ ერთ საქმეს, რომელშიც ძმებ დავით და გურამ კაკულიების სახელები ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა. საქმე ეხება 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორ პირს, გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით უკვე შეეფარდათ 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოკლულის ოჯახი დღემდე ითხოვს მკვლელობის დამკვეთთა გამოვლენასა და დასჯას.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ცხრატომიანი საქმიდან, გამოძიებას გამოყოფილი აქვს ცალკე საქმე, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დამკვეთი და მოქმედებდნენ თუ მკვლელობაში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თანამზრახველებთან ერთად. გამოძიებას და საქმის პროკურორს, ამ დრომდე არც ერთხელ არ დაუსახელებია გამოყოფილ საქმეში არსებული კონკრეტული სახელები და გვარები.

ადვოკატი გიორგი ანთაძე გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალი წარედგინოთ. ის ამბობს, რომ ძმებ კაკულიებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ. მისივე მტკიცებით, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე გამოძიებას დაკითხული არ ჰყავს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი ამბობს:

„შსს-ში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება ბრალდებულების მიერ შესაძლო სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან შემხებლობასთან დაკავშირებით. გამოძიება გრძელდება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლო სხვა პირების მონაწილეობაზე“.

ბრალდების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გასული წლის 2021 წლის ივლისის თვიდან 2022 წლის 26 მაისის პერიოდში გადმოკვეთეს. იყვნენ თუ არა ისინი საქართველოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დროს, 2021 წლის 15 სექტემბერს, საიდან და რამდენჯერ გადმოკვეთეს საზღვარი, ამ კითხვებზე პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი კონკრეტულ პასუხებს არ იძლევა:

„ეს ადამიანები შემოვიდნენ ამ პერიოდში, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დროს საქართველოში, ამ კითხვაზე, ამ ეტაპზე, პასუხს ვერ გაგცემთ. გარემოებები გაირკვევა და შედეგების თაობებზე თქვენთვისაც გახდება ცნობილი. რამდენჯერ აქვთ საზღვარი გადმოკვეთილი ზუსტი ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ არის. საიდან აქვთ გადმოკვეთილი საზღვარი, არც ეს დეტალებია დაზუსტებული“.

თუკი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი კავილაძის ჩვენების შინაარსს გავიხსენებთ, რომელიც გურამ და დავით კაკულიების ბავშვობის მეგობარია, ის ძმებ კაკულიებს სომხეთში, სწორედ 2021 წლის ივლისში, ორჯერ სტუმრობდა. მისი ჩვენებიდან, რომელიც მან სასამართლოს დარბაზში, 28 თებერვალს მისცა პროკურორს, ირკვევა, რომ ძმებ კაკულიებს 2021 წლის ივლისში სურდათ საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა, მათ საზღვარზე პრობლემები შეექმნათ და უკან გაბრუნდნენ:

გიორგი კავილაძე
გიორგი კავილაძე

„სომხეთში პირველად ჩასვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მეგობრები (დავით და გურამ კაკულიები) აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას და მთხოვეს, რომ მათ წამოსაყვანად ჩავსულიყავი. მარტო ჩავედი, ჩემი მანქანით და მეორე დღეს წამოვედით, მაგრამ საზღვარზე შეექმნათ პრობლემა. ისინი შეაყოვნეს და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მე წამოვედი თბილისში, საქმეები მქონდა. დაახლოებით ორ დღეში დამირეკეს, მითხრეს, რომ რაღაც ხარვეზი იყო, რომელიც აღმოფხვრილია და თუ გცალია, ჩამოდი და წავიდეთო. ამჯერად მე და ბუსა წავედით კვლავ ჩემი მანქანით. ჩავედით, იმ დღესვე წამოვედით და ერთ-ერთს საზღვარზე ისევ პრობლემა შეექმნა, უთხრეს, რომ საქართველოს მოქალაქე არ ხარ და შენ პასპორტს რაღაც პრობლემა აქვსო და კვლავ არ შემოუშვეს. რადგან არ შემოუშვეს, მე და ბუსა ახალგადმოსულები ვიყავით და ისევ გადავედი უკან, წავედით სომხეთში და რამდენიმე დღე ვიყავით იქ. მას მერე სომხეთში აღარ ვყოფილვარ“.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ძმები, გურამ და დავით კაკულიები ნიკოს მკვლელობის საქმის მონაწილეები არიან. ხოლო კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვით მათ ამ საქმეში, მისი სიტყვებით, ეს საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ.

პაატა მეხრიშვილის ინფორმაციითვე, საგამოძიებო უწყებებს, ჰქონდათ არაერთი მცდელობა, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოეკითხათ, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა:

„მკვლელობაში მსჯავრდებული პირი დანაშაულის ჩადენამდე ჩადიოდა სომხეთში, ხვდებოდა კაკულიებს და ჰქონდათ ინტენსიური ურთიერთობები. იმ პერიოდშივე, ივლისის თვეში, კაკულიებიც ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას, მაგრამ როგორც საქმის მასალებიდანაც ირკვევა, საზღვარი მათ არ უშვებს. შემდეგ, როგორც ჩანს, საზღვრის გვერდის ავლით, საიდანღაც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ ისინი არიან ნიკოს მკვლელობის საქმეზე ფიგურანტი პირები. თუ რა დოზით, რა მნიშვნელობით, რაში მიუძღვით წვლილი კონკრეტულად, ეს უკვე საგამოძიებო უწყების საკითხია და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს გამოძიება. ისედაც უნდოდა გამოძიებას კაკულიების დაკითხვა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ. რამდენჯერმე შეეცადნენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა საშუალებით მათ გამოკითხვას, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ისინი თავს არიდებდნენ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას. დღეის მდგომარეობით, ფაქტია, რომ ისინი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში არიან და ცხადია, რომ საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს, სრულყოფილად, ობიექტურად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება და დაადგინოს, რა კავშირში არიან ეს პირები ამ საქმესთან. დიდი მოლოდინი იმისა, რომ ისინი დადგებიან ისეთ ხასიათზე, რომ ყველაფერს აღიარებენ, ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელია, რომ შეიქმნას საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა იმისთვის, რომ ამ პირებს ნიკოს მკვლელობაზე ბრალი წაეყენოთ“.

ეკა გოგლიძე
ეკა გოგლიძე

პირველ ივნისს გამართულ სასამართლოს სხდომას ესწრებოდა გურამ და დავით კაკულიების დედა, ეკა გოგლიძე, თუმცა, მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. ერთადერთი განცხადება შვილებთან დაკავშირებით ეკა გოგლიძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გააკეთა და თქვა, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის დამკვეთები შესაძლოა მისი შვილები იყვნენ, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.

რაც შეეხება უკვე წარდგენილ ბრალდებებს, ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ამ საქმეებზე გურამ და დავით კაკულიების წინა სასამართლო სხდომა 21 ივლისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG