Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ


სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების საპროტესტო აქცია.7 ივნისი, 2022 წელი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების საპროტესტო აქცია.7 ივნისი, 2022 წელი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად, ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას მოითხოვენ.

აქციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალის, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან.

როგორც აქციაზე მყოფმა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა განაცხადა მედიასთან საუბარში, სამინისტროში შეხვედრაზე მოითხოვენ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტს.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ ერთადერთ საკითხს, რა საკითხიც ჰქონდათ სასწრაფოში დასაქმებულებს და ეს არის ხელფასების 100%-იანი ზრდა. როგორ და რა ფორმატში გაგრძელდება ეს შემდგომში, მოვისმენთ სამინისტროს წარმომადგენლებისგან. სასწრაფოში დასაქმებულებს ჩვენ შევუთანხმდით და ჩვენ გონივრულად მიგვაჩნია, რომ დღეს არ მოხდება ხელფასის მთლიანად 100%-იანი ზრდა, მათ უნდა მოგვცენ შეთანხმება ანუ იურიდიული დოკუმენტი რის შემდგომაც გავაგრძელებთ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდება ყველა ის საკითხი, რომ მოხდეს ხელფასის 100%-იანი ზრდა. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა ზეგანაკვეთურ მუშაობაზე, ასევე მძიმე და მავნე სამუშაო შესრულებისთვის 10 საშვებულებო დღის დამატება და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარის ორმაგ ანაზღაურებას", - ამბობს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი 24-საათიანი მორიგეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თვეში მათ 7,5 მორიგეობა უწევთ. თითო მორიგეობაში უფროსი ექიმისთვის 175 ლარია გამოყოფილი, უმცროსი ექიმისთვის უფრო ნაკლები. ამ ხელფასით უნდა დაფარონ მათ დაზღვევის ანაზღაურებაც.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის პირობებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ე.წ. დანამატი ერიცხებოდათ - თვიური შემოსავლის 50%. ანუ, უფროსი ექიმისთვის ეს თანხა 650 ლარს შეადგენდა, უმცროსი ექიმისა და მძღოლისთვის უფრო ნაკლებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ეს დანამატი მოეხსნათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების პირველი საპროტესტო აქციის შემდეგ, 27 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს აპრილის თვის კოვიდ-დანამატს ჩაურიცხავს.

XS
SM
MD
LG