Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


ფოტო დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელის სასამართლო სხდომიდან
ფოტო დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელის სასამართლო სხდომიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერზე, დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ინციდენტი დავით ბერძენიშვილის ძმის, ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე გამოთქმული მოსაზრების გამო დაიწყო.

"ქაშუეთის წინ ვიყავი, უნდა დამერეკა. ამ დროს გამოიარეს. პირველ რიგში გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები... მე მათთან მივედი, რომ არასწორი ადამიანები ხართ-მეთქი... ეს ბერძენიშვილი, მედია და მთლიანად ოპოზიცია არიან ქვეყნის მტრები... მე ისიც მინდოდა მეთქვა, მე შენს მაგივრად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი-მეთქი იმ სიტყვების გამო, რაც მან აკადრა ქართველ ხალხს... გავიმეორო ის სიტყვა, რაც მითხრა? შემოტრიალდა და მითხრა ესე, ესეო. მე წავიწიე მისკენ და დავუწყე გინება... ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, მერე ჟურნალისტებსაც ვაგინებდი, ახლაც გავუმეორებ... მან [დავით ბერძენიშვილმა] მომიქნია პირველმა ხელი და მან დამიწყო ეს ისა და ის არის საშიში ადამიანი", - თქვა ირაკლი ხომასურიძემ.

ბრალდებულის სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ის გეგმავდა ემსჯელა და გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოეცხადებინა, თუმცა, დაკავებულის ქცევიდან გამომდინარე, პოზიცია სათათბირო ოთახში გასვლის გარეშეც ჩამოუყალიბდა.

"გულწრფელად მინდა ვთქვა, ვაპირებდი გასვლას სათათბირო ოთახში, არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ბრალდებულის ქმედებიდან, ნათქვამიდან დავინახე, ეს კაცი არის ყველაზე გაბრაზებული. შესაბამისად, თუ ასეთ გაბრაზებას აქ გამოხატავს, არაერთი მოწოდების მიუხედავად...

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი", - თქვა მოსამართლემ.

ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე - გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელისმომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის; თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით აქციაც გაიმართა.

6 ივნისს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარეს, დეპუტატ ხათუნა სამნიძეს და ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს. ამის შესახებ მედიას თავად ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

ირაკლი ხომასურიძე პოლიციამ ადგილზე დააკავა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG