Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: არ შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ეხმიანება მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - ამბობს პრეზიდენტი.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG