Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად - არც სააკაშვილი, არც გვარამია, არც ივანიშვილი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არავინ ღირს საქართველოს ევროპული მომავლის ფასად. ამ საკითხზე საუბრისას მან დაასახელა სამი ადამიანი: ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

"მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - თქვა პრეზიდენტმა.

მას არ დააკონკრეტებია, რატომ დაასახელა ეს ადამიანები ერთ კონტექსტში, თუმცა სამივე მათგანი ნახსენები იყო ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში.

ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს არ დაუფიქსირებია პოზიცია პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ცნობილია ამ საკითხზე მისი პოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით - "არა და არასდროს".

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG