Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: დამოკიდებულება, რომელიც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მიუღებელია დამოკიდებულება, "თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია“.

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებულთა მემორიალთან გაკეთებულ კომენტარში კალაძემ ფუჭი უწოდა სანქციების დაწესებით ივანიშვილის დაშინების მცდელობას იმისთვის, რათა პოლიტიკაში დააბრუნონ, ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ და ქვეყანა ომში ჩაერთოს.

სამარცხვინოა [რეზოლუციის] ტექსტის თითოეული სიტყვა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმე აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს - ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა - და ის დამოკიდებულება, რომელიც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის რომ, ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება ქვეყნისთვის, იმ ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა რეზოლუციას 10 ივნისსაც. კახა კალაძის გარდა, ევროპარლამენტში 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ და უარყოფითად აფასებენ მმართველი პარტიის სხვა წევრებიც.

9 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება, "ფეიკების შედეგია" და რომ მას "ჩალის ფასი აქვს."

11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 300-მა ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აჩვენა და "თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი".

10 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს და თუკი კანდიდატის სტატუსი უსამართლო ვალდებულებებს დააკისრებს ქვეყანას, მან უარი უნდა თქვას ამ სტატუსის მიღებაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, ხუნდაძის ეს გამონათქვამი პარტიის პოზიციას არ გამოხატავს.

13 ივნისს დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი ოჯახი „ბულინგის ქვეშაა“, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მისი შეფასების გამო.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, მოთხოვნა უკრაინამ გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG