Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპამ პირველად ახსენა ჩვენ მიმართ „დეოლიგარქიზაცია“ - გიგი გიგიაძე


გიგი გიგიაძე, დიპლომატი, "ეკონომიკური პოლიტიკოს კვლევის ცენტრის" უფროსი მკვლევარი
გიგი გიგიაძე, დიპლომატი, "ეკონომიკური პოლიტიკოს კვლევის ცენტრის" უფროსი მკვლევარი

რა უთხრა ევროპამ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, 17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით, რომელიც შეეხებოდა ამ სამი ქვეყნის მისწრაფებას და სურვილს, მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა გზა აქვს ახლა გასავლელი საქართველოს, რომელმაც ამ სტატუსის მისაღებად, განსხვავებით „ტრიოს“ დანარჩენი ორი ქვეყნისგან ჯერ პირობები უნდა შეასრულოს და რამდენად შეძლებს ამას 2022 წლის ბოლომდე? რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კითხვით მიმართა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროს მკვლევარს, დიპლომატ გიგი გიგიაძეს.

რადიო თავისუფლება: ბატონო გიგი, თქვენ როგორ აფასებთ იმას, რაც დღეს ევროკომისიამ უთხრა ამ სამ ქვეყანას და განსაკუთრებით, საქართველოს?

გიგი გიგიაძე: ევროპამ ჩვენ პირდაპირ გვითხრა ერთი რამ: იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ძალიან კონკრეტული დავალებები. ზოგადად, ევროპა მიესალმება ჩვენთვის კანდიდატუსის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ჩამოვლილ 12 პირობას.

ეს არის საკმაოდ მძიმე და კრიტიკული წინაპირობები და პირველად, ისტორიის განმავლობაში, ჩვენთან მიმართებით ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია, რომელიც ვრცელდება პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო ცხოვრების სფეროებზე. ნახსენებია სასამართლო რეფორმა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მედიის თავისუფლება... ყველა იმ საკითხს, რომელიც აქამდეც ვიცოდით, ახლა დაემატა დეოლიგარქიზაცია. აი, ეს გვითხრა ჩვენ ევროპამ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური იქნება ჩვენთვის ამ პირობების შესრულება? დრო არც ისე ბევრია.

გიგი გიგიაძე: მე მიმაჩნია, რომ აქ არ არის არჩევანი ამის გაკეთება/ შესრულებასა და არშესრულებას შორის. ახლა გვაქვს ერთადერთი გამოსავალი - თანმიმდევრულად შევასრულოთ ყველა პირობა, რასაც ევროკომისია ჩვენგან ითხოვს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების, გახდეს რეალობა. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი მივიღოთ და გადავიდეთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე.

რადიო თავისუფლება: „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ასეთი რამ თქვა: „სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებსო".

გიგი გიგიაძე: ეს განცხადება, ალბათ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, როგორც ცნობილია, იღებენ უდიდეს ფინანსურ დახმარებას. მარტო 2021-2027 წლებში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილია 14 მილიარდი ევრო და ეს თანხა ხმარდება ისეთ სფეროებს, როგორიც არის სამართლებრივი სფეროს სინქრონიზაცია ევროკავშირთან, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებას და ა.შ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, 2022 წლის ბოლომდე შეიძლება რამე სასიკეთოდ შეიცვალოს?

გიგი გიგიაძე: იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელიც ევროკომისიის მოსაზრებაშია დაფიქსირებული, ეს იქნება ურთულესი პროცესი. ამიტომ ამ კითხვაზე დღეს პასუხს ვერავინ გაგცემთ. თუმცა თუ საქართველოს საზოგადოება დაინახავს, რა ხდება დღეს ქვეყანაში და რისი გაკეთება არის აუცილებელი, მაშინ შესაძლებელი გახდება ამ რეფორმების ძალიან სწრაფად გატარება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG