Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია - მიშელი


შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად იწვევს.

"ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

პარალელურად, გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით", - წერს მიშელი ტვიტერზე.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. საქართველომ კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.

თავის მიმართვაში შარლ მიშელი ლაპარაკობს ბალკანეთზეც - "დასავლეთ ბალკანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, და ევროკავშირი მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის. ამდენად, ჩვენ ხელახალი ენერგია უნდა მივანიჭოთ გაფართოების პროცესს და წინ წავიყვანოთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების ინტეგრაცია. მათთან შეხვედრას გავმართავთ ევროპული საბჭოს ოფიციალურ შეკრებამდე" - წერს ის.

"მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, კანონებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, არის ღირებულებები, რომლებსაც ევროკავშირი იზიარებს სხვა ევროპელ პარტნიორებთან. წარმოდგენილ იქნა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა, რომლითაც ხელი უნდა შეეწყოს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას. ჩვენ ჩავერთვებით სტრატეგიულ დისკუსიაში იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, საერთო ინტერესის საკითხებზე მუშაობისთვის" - წერს შარლ მიშელი თავის წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG