Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი: "საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს"


ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი

"საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა მკაფიო გზა შეიმუშაოს სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.

ამიტომ ჩვენ გირჩევთ, საქართველოს მიანიჭოთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაბრუნდეთ და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს, სანამ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება", -
წერია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის ტვიტერის გვერდზე.

მან ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მოლდოვასთან მიმართებაში შეფასება ასეთია: "ჩვენი რეკომენდაცია მოლდოვასთან მიმართებით არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რეფორმებს განახორციელებს.

მოლდოვა დგას რეალურ პრორეფორმულ, ანტიკორუფციულ და ევროპულ გზაზე. ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მას აქვს კრიტერიუმების შესაბამისი პოტენციალი."

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი იყო უკრაინასთან მიმართებაში:

"ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ უკრაინას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გაგებით, რომ ქვეყანა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს.

უკრაინამ აშკარად აჩვენა ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება.

და ომამდე შეუდგა გზას ევროკავშირისკენ."

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.

ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე. უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG