Accessibility links

site logo site logo

21-ე საუკუნის მეაბჯრე


21-ე საუკუნის მეაბჯრე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00

ერთ დღეს აკაკი მაქაცარიამ გადაწყვიტა, ჯაჭვის პერანგის ქსოვა და ქართული საბრძოლო აბჯრების დამზადება ესწავლა. მჭედლებს მიადგა, მაგრამ მაშინ უარით გამოისტუმრეს, ახალგაზრდა ხარ, მალე მოგწყინდება და სხვა საქმე ნახეო. თუმცა ისტორიის, კულტურის, მითების და ლეგენდების მოყვარულმა აკაკიმ თავის ოცნებაზე უარი არ თქვა და ხელობა თავად ისწავლა. ასე იქცა მეაბჯრედ 21-ე საუკუნეში და მე-5 საუკუნისდროინდელი საბრძოლო ტანსაცმლის შესწავლა და მზადება დაიწყო.

ეს ინტერესი არ ყოფილა შემთხვევითი. ძველებური იარაღის და საბრძოლო ხელოვნების, ჩაცმულობის, ისტორიის და ზოგადად, თავგადასავლების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როცა ბაბუას, ცნობილ მსახიობ ელგუჯა ბურდულს დაჰყვებოდა ხოლმე გადაღებებზე - ის კი სულ მეფეების, გმირების, განგსტერების თუ თავგადასავლების მაძიებლების როლებს ასრულებდა.

18 წლისამ გაიგო, რომ არსებობს როლური თამაში „ლარპი“, რომელიც ერთი ინტერესის ათობით ადამიანს აერთიანებს, ისინი შუა საუკუნეების ამბებს აცოცხლებენ - აცვიათ იმ დროის ტანსაცმელი, ყველას აქვს თავისი გამოგონილი როლი და ლეგენდა, ხელნაკეთი სათამაშო იარაღი, შესაბამისი გრიმი... აკაკი, მაგალითად, შუა საუკუნეების ვაჭარია, სახელად ბორდო, რომელსაც დიდ ბრძოლებში ჩაბმაც უწევს ხოლმე...

„ლარპის“ და მეაბჯრეობის გარდა, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტს კიდევ ბევრი გატაცება აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი გმირების გათანამედროვება და მათი პოპულარიზაციაა ყველგან და ყველაფერში, სადაც ეს შესაძლებელია. აკაკი მაქაცარიას სადიპლომო ნაშრომის თემაც, რომელზეც ახლა მუშაობს, ქართული ზღაპრების გმირების გაცოცხლებას უკავშირდება. ის და მისი მეგობრები სამაგიდო თამაშსაც ქმნიან, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ქართული კულტურის, მითების, თქმულებების, ზღაპრების გმირები იქნებიან.

XS
SM
MD
LG