Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალა უმეცრებაშია - რა ხერხებით ამახინჯებს რუსეთი ისტორიას


“ყველა ჩანაწერი განადგურდა ან გაყალბდა, ყველა წიგნი ხელახლა გადაიწერა, ყველა სურათი თავიდან დაიხატა, ყველა ქანდაკებას, ქუჩასა და სახლს სახელი გამოეცვალა, ყველა თარიღი გადაკეთდა. და ეს პროცესი დღიდან დღემდე, წუთიდან წუთამდე გრძელდება. ისტორია გაქვავდა. აღარაფერი არსებობს, გარდა დაუსრულებელი „ამწუთისა“, რომელშიც პარტია მუდამ მართალია...” - "1984"

რუსეთში აკრძალულ რომანში, ჯორჯ ორუელი ასე აღწერს ისტორიის განადგურების პროცესს. წარსული აწმყოს მძევალია - რუსეთში აგრესიულად იდევნება ყველაფერი, რაც პუტინის ნარატივს ეწინააღმდეგება. ონლაინრედაქტორების უხილავი ჯარიდან, სკოლის მასწავლებლებამდე, რუსეთის ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, რომ ისტორიის საკუთარი, გადაკეთებული ვერსია გაავრცელოს.

ვიკიპედიის ომები

რუსულენოვანი ვიკიპედია, როსკომნადზორის დაჯარიმების და დაბლოკვის მუქარის მიუხედავად, რუსეთში ჯერჯერობით აქტიურია. ვიკიპედია ყოველთვის მოწყვლადი და ნაკლებად სანდო წყარო იყო, მაგრამ დღემდე ყველაზე ხელმისაწვდომი. მათ შორის, უამრავი “მოხალისე” რედაქტორისთვის.

მაგალითად, რუსულენოვან ვიკიპედიაში “ბუჩა” რომ მოძებნოთ, შეხვდებით 2022 წლის 9 ივნისს დარედაქტირებულ გვერდს. წინა ვერსიაში აქ ბუჩის შესახებ მცირე გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ ცნობებს წაიკითხავდით, მაგრამ რედაქტორმა Mizaider-მა ჩათვალა, რომ "ცნობები გაყალბებული იყო იმ მხარის მიერ, რომელიც ანტირუსულ ისტორიას უწევს პროპაგანდას" და სტატიას მობილურიდანვე მიამატა რამდენიმე ახალი ცნობა.

ამ მომხმარებელმა ციტატებში გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები მოიშველია, სადაც წერია, რომ ბუჩის მოსახლეობა უკრაინულ სამხედრო ძალებს ემსხვერპლა, დასავლურმა მედიამ კი საკუთარი მთავრობების დაკვეთით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა; რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ ბუჩაში არცერთი სამოქალაქო პირი არ დაზარალებულა.

რუსულენოვანი ვიკიპედიის გვერდები წლებია, რაც პროპაგანდის ასპარეზია. 2014 წელს დონეცკის ტერიტორიაზე მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი MH-17 ჩამოვარდა - დაიღუპა 298 ადამიანი. მეორე დღეს, რუსულენოვან ვიკიპედიაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ თვითმფრინავი უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა დამოუკიდებელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავს რუსული, “ბუკის” სარაკეტო სისტემიდან ესროლეს. Twitter-ის სპეციალურმა ბოტმა, რომელიც რუსული სახელმწიფო სტრუქტურების IP მისამართებიდან დარედაქტირებულ სტატიებს “იჭერს”, მიაგნო, რომ ჩანაწერი რუსული სახელმწიფო არხის, RTR-ის მისამართიდან გაკეთდა.

ვიკიპედიაში შეცვლილი სტატია ბუჩის შესახებ
ვიკიპედიაში შეცვლილი სტატია ბუჩის შესახებ

ეს ბოტი ახლაც აქტიურია. რუსული სახელმწიფო სტრუქტურებიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში 14 სტატია დაარედაქტირეს, ზოგიერთი - რამდენჯერმე. მაგალითად, 16 მაისს შეიცვალა სტატია დუმის დეპუტატის, სერგეი ლეონოვის შესახებ, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. სტატიაში ეწერა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლეონოვს ასეთი იდეა ჰქონდა - უკრაინელი ტყვეებისგან სისხლი აეღოთ რუსეთის ჯარის დონაციისთვის. ლეონოვმა ეს დუმის ოფიციალური ტელევიზიით გამოსვლისას თქვა. სმოლენსკის დუმის IP მისამართიდან შესულმა მომხმარებელმა ეს ცნობა წაშალა, მოდერატორებმა - დააბრუნეს, და ასე რამდენჯერმე.

ამ რუსულ ტელეგრამ-არხზე მოხალისეები ნახულობენ, კრემლის საწინააღმდეგო რომელ წყაროს "შეუტიონ"
ამ რუსულ ტელეგრამ-არხზე მოხალისეები ნახულობენ, კრემლის საწინააღმდეგო რომელ წყაროს "შეუტიონ"

რედაქტორები მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში არ მუშაობენ, პროპაგანდას ბევრი გულანთებული მოხალისეც ჰყავს. ტელეგრამის ანონიმური არხი @mrakoborets1 “ფეიკებთან” მებრძოლი ჯგუფია, სადაც ადმინისტრატორები სხვადასხვა წყაროს და ჯგუფს უთითებენ, არხის წევრები კი არეპორტებენ. 10 მარტს ამ არხის პირველ ვერსიაზე, რომელიც მოგვიანებით ტელეგრამმა წაშალა, დაიდო რუსული ვიკიპედიის რედაქტორის, მარკ ბერნშტეინის ფოტო. ბლოგერი, რომელიც რუსული ვიკიპედიის ტოპ-50 ავტორში შედიოდა, მომდევნო დღეს ბელარუსში დააპატიმრეს “ანტირუსული ფეიკმასალების გავრცელებისთვის”.

დაცდილი მეთოდები

“ვღელავ მეხსიერების წაშლაზე და ჩვენი ისტორიის ნელ განადგურებაზე. უკიდურესად დაღლილი და ტრავმირებული რომ ხარ, უფრო მარტივია განზე გაიხედო, ვიდრე სამყაროს განათლება განაგრძო”, - ამ სიტყვებს უკრაინელი ან რუსი კი არა, სირიელი ლინა სერგიე ატარი ამბობს, ანგარიშში, რომელიც სტრატეგიული დიალოგის საერთაშორისო ინსტიტუტმა (ISD) გამოაქვეყნა. ამ კვლევამ შეისწავლა რუსული დეზინფორმაცია სირიის კონფლიქტის ჭრილში. დეზინფორმატორთა ქსელი ყალბ ინფორმაციას 2015 წლიდან ავრცელებდა, განსაკუთრებით ძლიერად - 2017 წელს, როცა რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. ქსელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერიშის კადრები დადგმული იყო.

"თეთრი ჩაფხუტების" მოხალისეების ჯგუფი სირიაში რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა - მათ ალ-ყაიდასთან თანამშრომლობას აბრალებდნენ
"თეთრი ჩაფხუტების" მოხალისეების ჯგუფი სირიაში რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა - მათ ალ-ყაიდასთან თანამშრომლობას აბრალებდნენ

კვლევა ამტკიცებს, რამდენად საზიანო აღმოჩნდა დეზინფორმაცია სირიის კონფლიქტში. ზოგჯერ, საერთაშორისო დახმარება სწორედ იმის გამო ჭიანურდებოდა, რომ დიპლომატებს პოტენციურად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. ჯეიმს ჯეფრი, აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში, ამბობს, რომ დეზინფორმაციას გავლენა ჰქონდა მაშინაც კი, როცა არავინ უარყოფდა რუსეთის მიერ სირიის ქალაქების დამომბვას და ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას:

“წინააღმდეგობაში მოვდიოდით იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა გადაეწყვიტათ, შემდეგ რა გაკეთებულიყო”.

დიდი ალბათობით, სირიაში გამოცდილი მეთოდები რუსეთს ახლა უკრაინაში ადგება. ISD-მ ბუჩის კადრების გასაჯაროების პერიოდში, 30 მარტიდან 6 აპრილამდე, ბუჩის შესახებ 20 ქვეყანაში 10 ყველაზე მეტად გაზიარებული ფეისბუკპოსტი შეისწავლა - სულ 200. აღმოჩნდა, რომ ის 55 პოსტი, სადაც კადრების ნამდვილობა ეჭვქვეშ დგებოდა, ყველაზე პოპულარული იყო; ყველაზე მეტი გაზიარება მათ ჰქონდათ. მათ შორის იყო ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი ცხედარი თითქოს “გამოძრავდა” და იმაზე, რომ “ქუჩებში საკმარისი სისხლი არ იყო”.

კიდევ 44 პოსტი ცალსახად კრემლის პროპაგანდას შეიცავდა - მათი უმეტესობა სლოვაკეთში, ავსტრიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში გაზიარდა, 6 კი რუსული სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდიოდა, ძირითადად, საელჩოებიდან.

ისტორიის გაკვეთილი პარტიისგან

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული მეხსიერება შევინარჩუნოთ”, - თქვა რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა 19 აპრილს, პირველ სასკოლო ისტორიულ ფორუმზე “ძალა სიმართლეს“. მისი გადაწყვეტილებით, რუსულ სკოლებში ისტორია მეხუთე კლასის ნაცვლად, პირველი კლასიდან ისწავლება. თუმცა არც უფროსკლასელები “იჩაგრებიან”, რუსეთი ალტერნატიული ისტორიის სწავლებას ჩქარობს: უკვე ამ წლის 1 მარტიდან რუსულ სკოლებს სპეციალური ბუკლეტები გაეგზავნათ, სადაც წერია, როგორ უნდა ჩაუტარდეთ ისტორიის გაკვეთილები 6-8 და 9-11 კლასის მოსწავლეებს. აქ პუტინი უკვე მასწავლებლის პირით ლაპარაკობს. აი, როგორ იწყება 9-11 კლასების მოსწავლეებისთვის გაკვეთილი “ჩემი ქვეყანა”:

“გაკვეთილის მიზანი: დასაბუთებულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩამოვუყალიბოთ უფროსკლასელებს ადეკვატური პოზიცია რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების საკითხზე და ჩვენი ქვეყნის საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნაზე”.

ამ შესავალს მასწავლებლისთვის შემოთავაზებული სცენარი მოჰყვება - კითხვებითა და სავარაუდო პასუხებით, რომლებიც მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს. თავდაპირველად მოსწავლეებმა იმაზე უნდა იმსჯელონ, რა აერთიანებთ რუსეთსა და უკრაინას. “შესაძლო პასუხებში” წერია, რომ რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები სლავური ტომები ერთი, ძველრუსული ენითა და ერთიანი აღმსარებლობით იყვნენ გაერთიანებული, ხოლო “ისტორიამ ისე განამწესა, რომ გაერთიანების ცენტრი, რომელმაც ძველრუსული სახელმწიფოებრიობა გააგრძელა, მოსკოვი გახდა”. ანუ, გაერთიანების მთავარი წერტილი სწორედ მოსკოვი გახდა.

გაკვეთილის მასალებში რუსეთის რუკებზე ბმულებიც არის. ერთ-ერთ ასეთ ვებგვერდზე ყირიმის და რუსეთის ერთიანი რუკა დევს
გაკვეთილის მასალებში რუსეთის რუკებზე ბმულებიც არის. ერთ-ერთ ასეთ ვებგვერდზე ყირიმის და რუსეთის ერთიანი რუკა დევს

რა გასაკვირიც უნდა იყოს, გაკვეთილის შემდეგი პასაჟი სწორედ “ისტორიისთვის ომსა” და “მითების შექმნას” ეხება. მასწავლებელი კლასს ეკითხება, როგორ ესმით ეს ორი დებულება, და უნდათ თუ არა, “ისტორიისთვის ომის” ობიექტები გახდნენ. პასუხი კი ხსნის, რომ “მითების შექმნას” საფუძვლად უდევს არა მხოლოდ შეცდომები და ცალკეული ისტორიული ფაქტების დამახინჯება, არამედ სისტემურად ორგანიზებული მექანიზმი, რომელიც, პირველ რიგში, ახალგაზრდების ცნობიერების “გადაკოდირებაზეა” მიმართული.

გაკვეთილის პრაქტიკულ დავალებებში 21 თებერვლის პუტინის სატელევიზიო მიმართვის ყურებაც შედის. შემდეგ მოსწავლეებმა პრეზიდენტის სიტყვებიდან ის არგუმენტები უნდა დაასახელონ, რაც უკრაინაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ამტკიცებს, და მოიყვანონ მაგალითები, რას გულისხმობს უკრაინის “ანტირუსული გზა”.

21 თებერვალს პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჯარების შეყვანა ბრძანა
21 თებერვალს პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჯარების შეყვანა ბრძანა

“უკრაინას არასდროს ჰქონია საკუთარი ნამდვილი სახელმწიფოებრიობის მდგრადი მოდელი. 1991 წლიდან ის სხვა მოდელების მექანიკური გამეორების გზას დაადგა, რომლებიც როგორც ისტორიას, ისე უკრაინულ რეალიებს მოწყვეტილი არიან”, - ამბობს პასუხი. “ანტირუსული გზის” ჩამონათვალში კი უკრაინაში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაც შედის.

დავალებებში განსაკუთრებული ყურადღება ნატოს ეთმობა: ნატო რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა; ნატო ცდილობს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მშვიდობიანი, თავდაცვითი კავშირია, მაგრამ “ჩვენ კარგად ვიცით ამ სიტყვების ფასი”. აღწერილია, როგორ “მოატყუა” ნატომ რუსეთი და გაფართოვდა აღმოსავლეთით.

გაკვეთილი რუსეთის მიღწევებზე რეფლექსიით მთავრდება, ბოლო დავალება კი უკრაინელი თანატოლისთვის წერილის დაწერაა, “შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG