Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აქრობენ რუსეთში დამოუკიდებელ მედიას


რუსეთის დუმამ 4 მარტს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ დაისჯება ყველა ის პირი და ორგანიზაცია, ვინც შეგნებულად გაავრცელებს „ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე.

მაგრამ რას ნიშნავს რუსეთის ხელისუფლებისთვის სინამდვილეში „ფეიკი“, ყალბი ამბავი? განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსულ მედიას ეკრძალება, საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში - ომი უწოდოს? აკრძალვების სია კიდევ უფრო გრძელია, რაც დამოუკიდებელი მედიის მუშაობას შეუძლებელს ხდის.

„ეხო მოსკვი“ მარტივად ხსნის დუმის მიერ მხარდაჭერილი კანონის არსს და წერს, რომ თუ, მაგალითად, რამეს დაწერ სოციალურ ქსელში, ტელეგრამში, რომელიმე საერთო ჩატში ომის მსხვერპლთა, დაღუპულთა ან დატყვევებულთა რაოდენობაზე, გაავრცელებ ამბებს საცხოვრებელი უბნების დაბომბვაზე, ოღონდ ისე, რომ ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ოფიციალური სახელმწიფო მედია არ დაგიდასტურებს, ეს შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებად ჩაითვლება. „კანონის დამრღვევი“ კი 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე დაჯარიმდება, ან 3 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

სასჯელი იზრდება, თუ ეს ინფორმაცია კონკრეტულად რუსეთის ჯარებს შეეხება და განსაკუთრებით „მძიმე შედეგებს“ მოიტანს.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში მოქმედი არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება გახდა იძულებული, შეეჩერებინა მუშაობა.

ამ დროისთვის ასე გამოიყურება რუსეთში დაბლოკილი მედიების სია:

  • Настоящее Время
  • Крым.Реалии
  • New Times
  • "Тайга.Инфо"
  • DOXA
  • "Эхо Москвы"
  • "Дождь"
  • "Медуза"
  • Русская служба BBC
  • Радио Свобода
  • Голос Америки
  • Deutsche Welle
  • томское агентство ТВ2
  • "Интерфакс. Украина"
  • "Гордон"
  • "Корреспондент"
  • "Украинская правда"
  • ТСН
  • "Сегодня"
  • "Укринформ"
  • Zaxid
  • "Зеркало недели"
  • Сensor.net
  • Vesti.ua
  • Depo.ua
  • Delo.ua

მუშაობა შეაჩერეს მედიებმა:

  • "Дождь"
  • Znak.com
  • DOXA

მუშაობა შეწყვიტა:

  • томское агентство ТВ2

დაბლოკვის მუქარა მიიღეს მედიებმა:

  • "Медиазона"
  • "Новая газета"
  • "Свободная Пресса"
  • Википедия
  • "Журналист"
  • "Лениздат"

შეზღუდვით მუშაობს:

  • Facebook
  • Twitter
  • TikTok
  • Instagram

პაუზა 32 წლის შემდეგ - ეხო მოსკვი

3 მარტს, „ეხო მოსკვის“ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა დირექტორთა საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის თაობაზე. ეს იძულებითი გადაწყვეტილება ცნობილმა რუსულმა რადიოსადგურმა თითქმის 32-წლიანი არსებობის შემდეგ მიიღო.

"ეხო მასკვის" მტავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, 2017 წელი
"ეხო მასკვის" მტავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, 2017 წელი

რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ „ეხო მოსკვი“ არ ასრულებდა მის მოთხოვნას, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის არ ეწოდებინა ომი, ინფორმაცია კი მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაევრცელებინა - 1 მარტს რადიოსადგური "ეხო მოსკვი" ეთერიდან გათიშეს და მისი საიტი დაბლოკეს.

„ეხო მოსკვი“ ეთერში პირველად გავიდა 1990 წლის 22 აგვისტოს. არსებობის განმავლობაში რადიოსადგური ეთერიდან ერთადერთხელ გათიშეს, 1991 წელს მომხდარი პუტჩის დროს. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს ფლობდა „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური

რუსეთის ტერიტორიაზე ვეღარ გახსნიან ვერც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტს - Svoboda.org-ს. ის დაბლოკილია. რედაქციამ წინასწარ რამდენიმე შეტყობინებაც მიიღო.

3 მარტს „როსკომნადზორის“ მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში აღმოჩენილი იყო „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, როგორც სანდო ინფორმაცია“. კერძოდ ის, რომ „თითქოს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას“. რეგულატორი აცხადებდა, რომ „რუსეთი უკრაინასთან არ ომობს, რაც დადასტურებულია ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მიერ“.

ომის გაშუქების გამო უფრო ადრე დაბლოკეს თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები - Настоящее Время და უკრაინული სამსახურის ვებსაიტი Крым.Реалии.

„მედუზაც“ დაბლოკეს - ჩვენ ამას ველოდით

კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო, საიდანაც რუსეთის მოსახლეობას სანდო ინფორმაციის მიღება შეეძლო, რუსული ინტერნეტგამოცემა „მედუზა“ იყო - რუსეთის ტერიტორიაზე ისიც დაბლოკეს. გამოცემა წერს, რომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სანდო ახალი ამბებისა და ინფორმაციის ფლობა და გავრცელება. „მედუზა“ თავის აუდიტორიას ინფორმაციას გუგლის დოკუმენტის მეშვეობით უზიარებს და მოუწოდებს, ნებისმიერი გზით გაავრცელოს ის - ტელეგრამით, ფეისბუკით და ა.შ. მომხმარებელს „მედუზა“ VPN სისტემით სარგებლობას ურჩევს, რაც მათ საშუალებას მისცემს. ისევ ჰქონდეთ ინტერნეტგამოცემის მასალებზე წვდომა.

ასევე „მედუზა“ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გამოიწერონ მათი არხები ტელეგრამზე. ტვიტერზე, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე.

„მედუზა“ წერს, რომ ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, პირველ რიგში კი ის, რომ „როსკომნადზორის“ მოთხოვნით ომს „სპეციალური ოპერაცია“ ეწოდოს, ასევე, Taiga.Info-ს, Doxa-ს, The Village-ის, Dozhd TV-ის, რადიოსადგურის Ekho Moskvy (და მრავალი სხვა) დაბლოკვა, არის ცენზურა. რუსეთში ცენზურა აკრძალულია კონსტიტუციით.

„კონსტიტუციის იმ ვერსიითაც კი, წერს „მედუზა“, რომელიც მიიღეს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინს, როგორც მონარქს ემართა რუსეთი“.

დროებით ვჩერდებით - ტელეკომპანია „დოჟდის" მომავალი ჯერ გაურკვეველია

3 მარტს საღამოს რუსეთის დამოუკიდებელი ტელეარხის „დოჟდის“ ოფისში პოლიციაც გამოჩნდა. სამ მარტსვე „დოჟდმა“ მაუწყებლობა შეაჩერა.

ვიდეომიმართვაში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ თქვა, რომ მათ უნდა გაიზრონ და მოიფიქრონ, როგორ გააგრძელონ მუშაობა.

არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ და ჟურნალისტთა ნაწილმა კოლექტივის მიმართ მუქარის გამო რუსეთი დატოვეს.

„დოჟდი“ 2010 წლიდან მაუწყებლობდა. 2017 წელს ის დაბლოკეს უკრაინაში. 2021 წელს კი ტელეარხს რუსეთში ე.წ. უცხოური აგენტის სტატუსი მიანიჭეს, რასაც რედაქცია არ ეთანხმებოდა.

ამ ფონზე რუსეთში რჩება მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული მედია, საიდანაც ქვეყნის მოსახლეობა ისეთ ამბებს გაიგებს, როგორიც კრემლსა და ვლადიმირ პუტინის მთავრობას აძლევს ხელს.

ამასობაში უკრაინაში უკვე მეცხრე დღეა გრძელდება ომი.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG