Accessibility links

site logo site logo

"ლელო" უერთდება მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს


ფოტო არქივიდან: "ლელოს" ლიდერები

პარტია "ლელო საქართველოსთვის" უერთდება სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს, რომელიც გუშინ, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს​. ამ საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

"ლელო საქართველოსთვის" მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული. კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება, და დეოლიგარქიზაციას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

გუშინ, 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

ამ მოთხოვნას უერთდება ოპოზიციური პარტია "დროაც" და "ევროპული საქართველოც".

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

იმის შესახებ, რომ აქცია გუშინ, 24 ივნისს გაიმართებოდა, ორგანიზატორებმა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამოაცხადეს, როცა არავინ იცოდა ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. 20 ივნისს აქციის ორგანიზატორები, "სირცხვილიას" ლიდერები ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების გაგების შემდეგ იტყოდნენ, რა გეგმა და მოთხოვნები აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG