Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის მთავრობა - შოთა დიღმელაშვილის განმარტება


მოძრაობის, „შინ ევროპისკენ", წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი
მოძრაობის, „შინ ევროპისკენ", წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი

ახალი სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ", წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას გულისხმობს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ მივმართეთ შოთა დიღმელაშვილს.

„ეროვნული თანხმობის მთავრობა ნიშნავს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების კონსენსუსით შეკრებილ მთავრობას. მას დაევალება, თორმეტივე პუნქტი, რაც არის რეკომენდაციაში, შეასრულოს 180 დღის ვადაში, რომელიც მოცემული გვაქვს ევროკავშირისგან", - გვითხრა დიღმელაშვილმა

შეკითხვაზე, როგორ უნდა აირჩეს კადრები, სამოქალაქო აქტივისტმა გვიპასუხა:

„ამაზე არის ზუსტი ხედვები, უბრალოდ არ ვასახელებთ ადამიანებს, იმიტომ რომ დავტოვოთ სივრცე მოლაპარაკებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ღარიბაშვილის გადადგომა, 3 ივლისს უფრო ცხადი იქნება ყველაფერი“.

შოთა დიღმელაშვილმა დაამატა: „პრინციპი არის სრული კონსენსუსის წესი. შეიძლება, გამოიყონ დელეგატები სამივე მხრიდან და სრულ კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება შედგეს, რაც განაპირობებს იმას, მართლა ნეიტრალური ადამიანები, ტექნოკრატები შეირჩევიან, რომლებსაც ერთადერთი დავალება ექნებათ - მშვიდად მიიყვანონ ქვეყანა და შეუძღვნენ ევროკავშირში“. მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი, გარდამავალი, ის შეიქმნება დეპოლარიზაციის გზით და ამით თავისთავად შესრულდება მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი.

დიღმელაშვილს იმედი აქვს, რომ მთავრობა გაითვალისწინებს ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნებს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG