Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია შს მინისტრს „პრაიდის კვირეულში“ უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

თბილისში დაგეგმილ „პრაიდის კვირეულს" ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ის ხაზგასმით აღნიშნავს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას, როგორც ლგბტ+ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ უფლებების სათანადო რეალიზების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივ.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება. განცხადების თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს ზურაბ მახარაძისა და „ალტ-ინფოს“ სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

  • შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;
  • უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;
  • "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;
  • ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება.

„თბილისი პრაიდი“, რომელმაც წელს უარი თქვა "ღირსების მარშზე", მოითხოვს, რომ მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას. 26 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართეს:

„მოვითხოვთ, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის" სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოს საჯარო წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა - დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

"კონსერვატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ დაიწყო მხარდამჭერების მობილიზება 2 ივლისისთვის და ფულსაც აგროვებს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის წინააღმდეგ.

გასული წლის 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ქუჩაში სიძულვილის ჯგუფები "ალტ-ინფოს" ლიდერებისა და სასულიერო პირების მოწოდებით გამოვიდნენ. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

ახლა, როცა საქართველოს 6-თვიანი ვადა აქვს იმ 12 მოთხოვნის შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა აქტუალურია. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ამას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG