Accessibility links

site logo site logo

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის პოლარიზება სურთ. ამის არგუმენტად ჟურნალისტებთან კომენტარში პაპუაშვილმა დაასახელა ის, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა.

"რაც შეეხება ლოკალურ ინციდენტებს - იმის დაბრალება, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან ორგანიზებული, არის პოლარიზაციის დღის წესრიგი, რომელიც აქვს ოპოზიციას. მეორე მხრივ, აქაც ხომ თანმიმდევრული უნდა იყოს ოპოზიცია, ერთი მხრივ, ის თავად არის გამღვივებელი პოლარიზაციის - მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, პოლარიზების პიკში აყვანის გარდა...

ამ ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და ადგილზე შესაძლოა კონფლიქტი ჰქონდეს მოქალაქეებთან... არ ვიცი, ვინ იყვნენ [დაპირისპირების ადგილზე] და ვინ - არა. მილიონი ადამიანი უჭერს "ქართულ ოცნებას" მხარს", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს, 30 ივნისს, 3 ივლისის აქციის ბუკლეტების დარიგება გააპროტესტეს და სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ კორპუსთან".

დაპირისპირება იყო თელავსა და ხონშიც.

გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG