Accessibility links

site logo site logo

უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ


უკრაინელი ბაშვშვების ევაკუაცია ომის დროს, 2022 წელი.

ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ათასობით უკრაინელი ბავშვი არა მარტო იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, არამედ მოსკოვი კანონმდებლობასაც ამარტივებს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა მათი შვილად აყვანა იოლად შეძლონ.

გავიგეთ, რომ რომ დონეცკისა და ლუგანსკის .. რესპუბლიკებიდან 27 ბავშვი სპორტულ კომპლექსრომაშკაშიგადაიყვანეს, რომელიც ტაგანროგთან მდებარეობს. რომაშკაში“ 400-მდე ბავშვია, 4 ინტერნატიდან, დონეცკიდან და უგლეგორსკიდან. ეს რიცხვები მოსკოვის ოლქში ბავშვთა უფლებების სფეროს წარმომადგენელმა მოგვაწოდა“, - ამბობს „ვერსტკის“ ჟურნალისტი ანა რიჟკოვა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მონაცემებით, უკრაინიდან რუსეთში ორი ათასამდე ბავშვია გაყვანილი. კიევს ამაზე თანხმობა არ გაუცია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არასრულწლოვნების აგრესორ ქვეყანაში ძალით გადაყვანა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება.

ოკუპირებული მარიუპოლის მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ ამ ქალაქიდან რუსეთში 500-700 ბავშვი გაიყვანეს, ამასთან, ისინი ბავშვთა სახლების აღსაზრდელები არ ყოფილან, ომამდე მშობლები ჰყავდათ.

ობოლი ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროება აქვთ, ომის პირველივე დღეებში იყვნენ ევაკუირებულები მარიუპოლიდან. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 27 თებერვალს ქალაქში არცერთი ობოლი ბავშვი აღარ იმყოფებოდა. ამიტომ ეს სხვა ბავშვებია, აქ იქნებიან ახლად დაობლებულები, რომლებმაც მშობლები ომის შედეგად დაკარგეს. არიან ოჯახს ჩამოშორებული ბავშვებიც, ვიცით ასეთი ფაქტები, რომ მშობლებს ბავშვები წაართვეს“, - ამბობს პიოტრ ანდრუშენკო, მარიუპოლის მერის მრჩეველი.

როსტოვის ოლქში არ მალავენ, რომ მათთან ასობით უკრაინელი ბავშვი იმყოფება. ინფორმაცია ადგილობრივი მთავრობის საიტზეც დევს, თუმცა იქ არ წერია, ბავშვები რომელი ქალაქებიდან ჩამოიყვანეს.

13 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას. ეს განკარგულება რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აიოლებს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებიდან არიან.

ბავშვების გასაშვილებლად კანონმდებლობის შეცვლაზე საუბრობს რუსეთის ყოფილი სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებების კუთხით, ანა კუზნეცოვაც.

იმისთვის, რომ ჩვენს მშობლებს [რუსეთის მოქალაქეებს] ჰქონდეთ საშუალება, ბავშვები აიყვანონ, დუმამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. შემდეგ რუსეთის ფედერაციამ უნდა შეარჩიოს ის ოჯახები, რომლებსაც ბავშვის აყვანა სურთ. ამგვარად მოხდება მათი გაშვილება“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უპირებდნენ უკრაინიდან ჩამოყვანილ ორი ათას ობოლს.

მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინიდან, 2022 წელი.
მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინიდან, 2022 წელი.

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან რუსეთის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს სამართლებლივი ძალა არ გააჩნიათ. ამიტომ უკრაინელი ბავშვების გაშვილება სხვა ქვეყნებში უკანონოდ რჩება.

გარდა ამისა, არაფერია ცნობილი გატაცებული ბავშვების უმეტესობაზე.

ეჭვი მაქვს, ამ ბავშვების ნაწილს ჰყავს ნათესავები, რომლებსაც სურვილი და შესაძლებლობა ექნებოდათ ისინი ეშვილებინათ. არ ვიცით, რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს, როდესაც ისინი ოჯახებში მოხვდებიან, მიეჩვევიან ამ ოჯახებს... და, რაც მთავარია, არ ვიცით, რას მოიმოქმედებს უკრაინა. ახლა უკრაინას სურს ისინი უკან დაიბრუნოს, თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, როგორ უნდა დაიბრუნო ის ბავშვები, რომლებიც უკვე ოჯახებში აღმოჩნდნენ, თუნდაც დროებითი მეურვეობის ქვეშ“, - ამბობს ანა რიჟკოვა.

დარწმუნებულები ვართ, ამით სურთ, რაც შეიძლება მეტ ბავშვს დაუკარგონუკრაინელობა“. მშვენივრად გვესმის, რომ მას შემდეგ, რაც მარიუპოლში მოხდა, თუ ბავშვები შვილად აყვანის პროცედურას გაივლიან, ორი-სამი წლის მერე მათი მშობლების მოძებნა ძალიან გაჭირდება, თვითონაც ვეღარ გაიხსენებენ“, - ამბობს პიოტრ ანდრუშენკო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკობს იმაზე, რომ მშობლებთან ერთად თუ მათ გარეშე, რუსეთში ათასობით ბავშვია იძულებით გადაყვანილი და რუსეთის მთავრობა ამ ხალხს სხვადასხვა, შორეულ რეგიონში ანაწილებს.

„ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის მიზანი არა მხოლოდ ხალხის გატაცება, არამედ მათი იძულებაა, დაივიწყონ ყველაფერი უკრაინაზე და არ ჰქონდეთ უკან დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ომის დროს დაკარგული ბავშვების მოსაძებნად უკრაინაში ჩატბოტი შეიქმნა. ინფორმაციას, რომელიც ჩატში მოხვდება, უკრაინის პოლიცია შეისწავლის.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აფშან ხანმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანისგან ამჟამად თავი უნდა შეიკავონ. რადგან შვილად აყვანა არ შეიძლება ომის პერიოდში ან ომის დამთავრებისთანავე. ჟენევის კონვეცია - ომის დროს მოსახლეობის დაცვის შესახებ - კრძალავს არასრულწლოვნების გაყვანას აგრესორ ქვეყანაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვები უნდა გადაიყვანონ მშობლიურ ან ნეიტრალურ ქვეყანაში და ამის უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული დერეფნები უნდა შეიქმნას.

ორიოდე თვის წინ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი საქართველოშიც ატყდა. საქართველოს ბევრი მოქალაქე სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავდა სურვილს, დაობლებული უკრაინელი ბავშვები ეშვილებინა. თუმცა, მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურების გამო ეს შეუძლებელია.

კერძოდ, ჯერჯერობით არავინ იცის, უკრაინის რამდენი მოქალაქე დაიღუპა ომის პერიოდში და რამდენი ბავშვი დარჩა ობლად. ომის შედეგად დაობლებული ბავშვების ბაზის შექმნა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ჰყავს თუ არა ბავშვს ნათესავები, რომლებსაც მისი შვილად აყვანის სურვილი ექნებათ. მხოლოდ მთელი რიგი პროცედურების გავლის მერე გადაწყდება, შეიძლება თუ არა კონკრეტული ბავშვის გაშვილება, მით უფრო - საზღვარგარეთ.

ამჟამად უკრაინის მთავრობა რუსეთში ძალით გადაყვანილ ბავშვებზე ინფორმაციას აგროვებს. ამის შემდეგ ისინი გეგმავენ, საერთაშორისო ინსტანციებს მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG