Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბელარუს მოხალისეთა მეთაური ივან „ბრესტი“ დაიღუპა


ივან „ბრესტი“, 28 წლის კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური და მისი თანამებრძოლები ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან რუსეთის სასტიკ საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ.
ივან „ბრესტი“, 28 წლის კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური და მისი თანამებრძოლები ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან რუსეთის სასტიკ საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ.

26 ივნისს, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“, ივან მარჩუკი, რომელიც სხვა ბელარუს მოხალისეებთან ერთად 2014 წლიდან იცავდა უკრაინის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მისი დაღუპვის დეტალები უცნობია, მაგრამ ეს მოხდა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში, სადაც სხვა ბელარუსი მოხალისეებიც დაეცნენ.

ივან „ბრესტის“ დაღუპვას „თავზარდამცემი“ ცნობა უწოდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსმა მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ.

უკრაინაში ბელარუსი მოხალისეების დაღუპვას გამოეხმაურა ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც კასტუს კალინოვსკის პოლკის მებრძოლებს „ბელარუსის მტრები“ უწოდა.

„ომი იყო მისი სტიქია“

სანამ უკრაინის დასაცავად ხელში იარაღს აიღებდა, ბელარუსის ქალაქ ბრესტის მკვიდრმა, ივან მარჩუკმა, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთში ტურისტული მიზნით ყოფნის დროს „ავანტიურისტული სულის“ 19 წლის ბიჭმა საფრანგეთის ცნობილ უცხოურ ლეგიონს მიაშურა და სელექციის რთული პროცესის გავლის შემდეგ ამ სახელოვანი დანაყოფის მებრძოლი გახდა.

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“ მარჩუკი
კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“ მარჩუკი

„უნივერსიტეტში საზაფხულო არდადეგების დროს, ჩვეულებრივი ტურისტული საგზურით საფრანგეთში წავედი. ეს იყო დიდი ფიქრის შემდეგ მიღებული, კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება. ამ ოცნებით მთელი ორი წლის განმავლობაში ვიყავი ანთებული. მივხვდი, რომ ინჟინრად მუშაობა საჩემო არ იყო და ჯარისკაცობა მინდოდა. პარიზში, პირდაპირ გამწვევ პუნქტს მივაშურე, სადაც მრავალი შერჩევა და გამოცდა მელოდა. ორი კვირის შემდეგ ამიყვანეს. თავდაპირველად იყო ოთხთვიანი სასწავლო კურსი, შემდეგ კი - საბრძოლო პოლკი. ეს იყო ბრწყინვალე მომზადება, რაც ახლა ძალიან საგრძნობია. ეს მეხმარება იმაში, რომ ვიმოქმედო მაქსიმალურად გონივრულად და გადავარჩინო ბიჭების სიცოცხლე“, - ეს არის ფრაგმენტი ბატალიონ „ვოლატის“ მეთაურის ივან „ბრესტის“ ინტერვიუდან, რომელიც რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა ლეგენდარული მეთაურის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ჩაიწერა.

ჟურნალისტებისთვის ივან მარჩუკის ინტერვიუზე მოხელთება იოლი ამოცანა არ იყო. ის გამუდმებით იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. „ბრესტი“ ომით ცხოვრობს, ომის მისი სტიქიაა, - ამბობდნენ კალინოვსკის პოლკის მებრძოლები.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უკრძალავდნენ ამის გაკეთებას, ბატალიონ „ვოლატის“ 28 წლის მეთაური ბრძოლაში პირველი შედიოდა, რადგან მისთვის უკრაინისთვის ომი ნიშნავდა ბრძოლას სამართლიანობისთვის, ბრძოლას, რომელშიც იგი „მთელ ფსონს“ ჩამოვიდა.

„მე ყოველთვის მამოძრავებდა ავანტიურიზმის სული, ასევე გამახვილებული მქონდა სამართლიანობის განცდა. ამაზე მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ხეირს არ დამაყრიდა და მირჩევდნენ ჩუმად ვყოფილიყავი. მე არ შემიძლია გაჩუმება. ახლა კი ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, ამიტომ ვარ უკრაინაში, სადაც მთელ ფსონს ჩამოვედი“, - აღნიშნა ივან „ბრესტმა“.

რთული ოპერატიული ვითარების გამო, სულ მუდამ მოძრაობაში მყოფმა ივან „ბრესტმა“ მხოლოდ შეკითხვების ერთ ნაწილზე მოახერხა პასუხების გაცემა, მაგრამ პირობა დადო, რომ დანარჩენებსაც უპასუხებდა, როდესაც საბრძოლო დავალებიდან დაბრუნდებოდა.

მაგრამ ივან „ბრესტი“, 28 წლის კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური, საბრძოლო დავალებიდან ვერ დაბრუნდა. ის და მისი თანამებრძოლები ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან რუსეთის სასტიკ საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ და, როგორც სამხედროები ამბობენ, საბოლოოდ დარჩნენ ბრძოლის ველზე.

„ბრესტი“ იყო ნამდვილი ბელარუსი პატრიოტი. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია. კიდევ რამდენიმე სხვა მოხალისე ბელარუსი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ზოგიერთი მძევლად აიყვანეს რუსებმა“, - წერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა თავის ფეისბუკში.

„ეს საკმაოდ კარგად გაწვრთნილი დანაყოფი იყო“

ბელარუსი მოხალისეები სხვადასხვა ქვედანაყოფში უკრაინის მხარეზე 2014 წლიდან იბრძვიან პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ერთ ქვედანაყოფში - კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონში გაერთიანდნენ. ამის შესახებ 2022 წლის 9 მარტს ოფიციალურად გახდა ცნობილი.

ხოლო 25 მარტს ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანდა. მალევე, 21 მაისს ბატალიონი უკვე კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულ პოლკად გარდაიქმნა, რომლის შემადგენლობაში შევიდა ბატალიონები „ლიტვინი“ და „ვოლატი“, რომელსაც ივან მარჩუკი, მეტსახელად „ბრესტი“ ხელმძღვანელობდა.

ბელარუსულ ქვედანაყოფს კარგად იცნობდა უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომლის მებრძოლები ივნისის ბოლოს ასევე იღებდნენ მონაწილეობას ქალაქ ლისიჩანსკის დაცვისათვის გამართულ ბრძოლაში.

მამუკა მამულაშვილი
მამუკა მამულაშვილი

„საკმაოდ გაწვრთნილი დანაყოფი იყო, რომელიც შედიოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალურ ძალებში. ეს არის მრავალეროვნული დანაყოფი, რომელშიც ბელარუსების გარდა სხვა, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან. სამწუხაროდ, ისეთ ცხელ წერტილში მოყვნენ, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკის მიმართულებაზე. ძალიან ინტენსიური დაბომბვები მიდის, ისე რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებს საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენეს და ლისიჩანსკის დატოვებაც მოგვიხდა. ამ დროს დაიღუპა კალინოვსკის ბატალიონის მეთაური და კიდევ რამდენიმე მებრძოლი“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლუკაშენკასთვის მტრები, ზელენსკისთვის - გმირები

3 ივლისს, დღისით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ“ ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე „სრული კონტროლი დაამყარეს“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“.

იმავე საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა უფრთხილდება თავის სამხედროებს და ხალხს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით.

ქალაქ სევეროდონეცკის აღების შემდეგ რუსეთის არმიამ 25 ივნისს წამოიწყო მასირებული საარტილერიო შეტევა ქალაქ ლისიჩანსკზე, რომელიც უკრაინის არმიის ბოლო საყრდენ ქალაქს წარმოადგენდა ლუგანსკის ოლქში. პარალელურად, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ზოგადი ცნობები ქალაქში მყოფი უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ.

ყველაზე პირველად ლისიჩანსკთან ბელარუსი მოხალისეების დაღუპვის შესახებ ცნობა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2 ივლისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე გაავრცელა. ივან „ბრესტის“ შესახებ ლუკაშენკას არაფერი უთქვამს, მაგრამ ახსენა კალინოვსკის სახელობის ბატალიონი და მისი მებრძოლები, რომლებსაც „ბელარუსის სახელმწიფოს მტრები“ უწოდა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

„სულ რამდენიმე დღის წინ ასეთი ფაქტი მოხდა. თქვენ იცით, რომ იქ უკრაინაში უკვე იმყოფება ჩვენი გაქცეულებისა და სხვებისგან შემდგარი კალინოვსკის სახელობის ბატალიონი, ახლა უკვე პოლკი. ნუ, როგორც იყო 67 კაცი, თუ რამდენი კაცი, ასეც დარჩა. მაგრამ ბატალიონი კარგად არ ჟღერს, ამიტომ დროის შესაფერისად პოლკი დაირქვეს. რუსეთის არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. ატყდა ბრძოლა. და მოცოცხეს უკრაინელებთან ერთად. რამდენიმე ათეული ჩვენი გაქცეული და უკრაინელი იყვნენ. ჩვენი კალინოვსკის პოლკიდან 20 კაცი ადგილზე დარჩა. მე ეს არ მიხარია, ისინიც ხომ ბელარუსები არიან. თუმცა ესენი არა უბრალოდ მოწინააღმდეგეები, არამედ ბელარუსის სახელმწიფოს მტრები არიან. წავიდნენ აქედან უკრაინის დასაცავად, რაც მთავარია, იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ და შემდეგ აქ ეომათ“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

მაგრამ ვისაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა „მტრებს“ უწოდებს, გმირები არიან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომლის ბრძანებითაც მაღალი სახელმწიფო ჯილდოებით - „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „უკრაინა უპირველეს ყოვლისა“ - კასტუს კალინოვსკის სახელობის ქვედანაყოფის ექვსი მებრძოლი დაჯილდოვდა.

ცნობილია, რომ 24 თებერვლიდან დაწყებული რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინისათვის ბრძოლაში 6 ბელარუსი მოხალისე ჯარისკაცი დაიღუპა. სულ ახლახან, ქალაქ ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ მათ რიგებს შეემატა ივან „ბრესტი“, ივან მარჩუკი, კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური, რომლის მთავარ მიზანს „უკრაინელი ძმების უსამართლო აგრესიისგან“ დაცვა წარმოადგენდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG