Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკან დახევა საბედისწერო შედეგების თავიდან ასაცილებლად


პოპასნა რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონი, 2022 წლის აპრილი.
პოპასნა რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონი, 2022 წლის აპრილი.

3 ივლისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აკონტროლებდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა და გაამართლა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაეტოვებინათ ქალაქი, რათა ჯარისკაცების სიცოცხლე გადაერჩინათ.

„თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით“, - განაცხადა თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლისიჩანსკზე კონტროლის დამყარება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უმალვე უპატაკა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად" გადაისროლა.

„მთავარი იყო ადამიანების შენარჩუნება“

თუ სევეროდონეცკში ერთთვიანი ქალაქის ბრძოლებს რამდენიმე სახლი და ადმინისტრაციული შენობა გადაურჩა, ლისიჩანსკში დროის მოკლე მონაკვეთში ადმინისტრაციული შენობები საძირკვლამდეა განადგურებული.
სერჰი ჰაიდაი

ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლის დაკარგვა სერიოზული დანაკარგია უკრაინისათვის, მაგრამ ქალაქის შენარჩუნებისთვის ბრძოლა შესაძლოა გამანადგურებელი შედეგებით დასრულებულიყო უკრაინის არმიისთვის, რომელიც მოწინააღმდეგის მასირებული საარტილერიო და სარაკეტო იერიშების ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს ალყის საფრთხის წინაშე მდგარ ქალაქში.

„ლისიჩანსკზე, ალბათ, ყველა ძალაა გადასროლილი. ქალაქს უტევენ გაუმართლებლად სასტიკი ტაქტიკით“, - აცხადებდა 3 ივლისის დილით ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი.

„თუ სევეროდონეცკში ერთთვიანი ქალაქის ბრძოლებს რამდენიმე სახლი და ადმინისტრაციული შენობა გადაურჩა, ლისიჩანსკში დროის მოკლე მონაკვეთში ადმინისტრაციული შენობები საძირკვლამდეა განადგურებული. აქ ბევრია ჯარისკაციც და იარაღიც. ამასთან, ის (მოწინააღმდეგე) მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, მაგრამ ჯიუტად მოიწევს წინ. ისინი მაგრდებიან ქალაქსა და ასევე ვერხნეკამენკაში და აგრძელებენ დასახლებული პუნქტების განადგურებას“, - განაცხადა ჰაიდაიმ.

ასეთ ვითარებაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა სარდლობისგან ქალაქის დატოვების ბრძანება მიიღეს. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ეს მოხდა არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში და ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა.

ამ გადაწყვეტილებას ერთადერთ სწორს უწოდებენ უკრაინელი სამხედრო ექსპერტები.

ანუ სამხედრო ძალებმა მეთოდურად დაიწყეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების და ლოგისტიკური ბაზების განადგურება, რათა ვითარება გარდატეხისთვის მოამზადონ...
მიხაილო სამუსი

„ლისიჩანსკთან დაკავშირებით სიტუაცია შემდეგია: რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ქალაქის გარშემორტყმა და წარმოიქმნა ქალაქში მყოფი უკრაინის ჯარების ჯგუფის ალყაში მოქცევის საფრთხე, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქიდან გასვლისა და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე უკან დახევის შესახებ. ანუ თავიდან იქნა აცილებული უკრაინელი ჯარისკაცების ან დაღუპვა, ან ტყვედ ჩავარდნა. მთავარი იყო ადამიანების შენარჩუნება. თანაც, რუსეთმა ლისიჩანსკში თავი მოუყარა დიდ ძალებს, რომლებმაც საგრძნობი დანაკლისი განიცადეს. ამიტომ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ მათ უნდა დაისვენონ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ლისიჩანსკში გვარიანად შეფერთხეს“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

ლუგანსკში პოზიციების დაკარგვის მიუხედავად, უკრაინის არმია განაგრძობს დონბასისთვის ბრძოლას. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ძალები რეაქტიული და შორსმსროლელი არტილერიით სულ უფრო და უფრო ხშირად ანადგურებენ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში საწყობებსა და სამეთაურო პუნქტებს. მაგალითად, უკრაინელებმა მელიტოპოლში საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

„ანუ სამხედრო ძალებმა მეთოდურად დაიწყეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების და ლოგისტიკური ბაზების განადგურება, რათა ვითარება გარდატეხისთვის მოამზადონ“, - ამბობს სამუსი.

3 ივლისს, დღისით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე "სრული კონტროლი დაამყარეს" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია".

„უკრაინა არაფერს არ თმობს“

მას შემდეგ, რაც ლისიჩანსკის დაკავებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სრულად აღადგინეს კონტროლი სეპარატისტულ ლუგანსკის ოლქზე, რუსეთის არმია მთელ ძალას დონეცკის ოლქისკენ მიმართავს.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს საკუთარ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალების ხელთ მყოფ უკანასკნელ ქალაქზე, ისინი ახლა, დიდი ალბათობით, გადაერთვებიან დონეცკის ოლქის ხელში ჩაგდებაზე, რომლის უდიდეს ნაწილს კვლავაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ. დონბასისთვის ბრძოლა შეუპოვარი და მომქანცველი იყო და ეს, სავარაუდოდ, არც უახლოეს კვირებში შეიცვლება, ასკვნის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

"ბრიტანული დაზვერვის პროგნოზი აბსოლუტურად სწორია, რადგან პუტინმა რუსეთის არმიას დიდი ხნის წინ, სპეცოპერაციის დაწყებამდე დაუსახა მიზნად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სწრაფად დაკავება. ეს მაშინ რუსეთის გრანდიოზული გეგმის ერთ-ერთი პირობა იყო. მაგრამ ახლა რუსეთი მთლიანად კონცენტრირებულია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, ხოლო პუტინმა ცოტა ხნის წინ აშხაბადში განაცხადა, რომ სინამდვილეში ჩვენს მიზანს მხოლოდ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები წარმოადგენსო. ამიტომ ამ პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად კრემლი კვლავ მოახდენს მთელი ძალების კონცენტრირებას კრამატორსკსა და სლავიანსკზე და წინსვლას შეეცდება. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა ჯარებმა მოწინააღმდეგე უკვე გვარიანად შეფერთხეს სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე, იმედი მაქვს, რომ მათ წინ გაცილებით რთული დღეები ელით. ამასთან, უკრაინის არმიას ყოველდღიურად ემატება სულ უფრო და უფრო მეტი თანამედროვე ტექნიკა, ესეც მოახდენს თავის გავლენას. გარდა ამისა, რუსეთი იძულებული ხდება გააფართოოს ლოგისტიკური ხაზები. უკრაინის არმიისთვის იოლი იქნება მათი გადაჭრა და აქტიური იერიშების განვითარებას ხელშეშლა", - აცხადებს მიხაილო სამუსი.

მიუხედავად სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში განცდილი მარცხისა, უკრაინისათვის იმედის მომცემია სრული კონტროლის აღდგენა სტრატეგიული ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინიზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ 30 ივნისს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ვერ გაუძლეს.

თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე "დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება" და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა.

რუსეთმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა "კეთილი ნების ნაბიჯი", რომლითაც "მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაში".

მაგრამ, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული დატოვა უკრაინის არმიის შეტევებისგან მზარდი დაუცველობის გამო და არა "კეთილი ნების ნიშნად".

"რაც შეეხება კუნძულ ზმეინის, რა თქმა უნდა, ეს იყო უკრაინის არმიის წარმატებული ოპერაცია, რომელმაც რუსეთს დააკარგვინა კონტროლი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ოდესის და ოდესის პორტების დაცვის თვალსაზრისით, რათა ზღვიდან რუსეთის დესანტი არ გადმოსხან", - ამბობს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.

ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის გასაგონად განაცხადა, რომ უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.

ნიშანდობლივია, რომ 4 ივლისს უკრაინის სახელმწიფო დროშა კვლავ აღიმართა გათავისუფლებულ კუნძულ ზმეინიზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG