Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოზე


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებას დროულსა და მნიშვნელოვანს უწოდებს მისი თანაგუნდელი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის ტერმინის ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენება საქართველოზე შტურმია.

"ძალიან დროული და მნიშვნელოვანი მიმართვა იყო, ვინაიდან ბოლო პერიოდში ვხედავთ არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე... ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმართება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის - საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში პარლამენტის თავმჯდომარე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა", - თქვა პაპუაშვილმა.

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით განცხადება გავრცელდა. წერილში არაერთხელ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, რომელსაც ოპოზიცია ოლიგარქად მიიჩნევს. განცხადებით, ღარიბაშვილი ხსნის, რატომ არ არის ივანიშვილი ოლიგარქი, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მასთან კავშირში მყოფი ადამიანები იმყოფებიან და მმართველი პარტიის წევრებს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია... როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერებს შორის არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG