Accessibility links

site logo site logo

ფოტო სამყაროს დასაწყისიდან - James Webb-ის ტელესკოპის ტრიუმფი


„ყველაზე ღრმა და მკაფიო ფოტო კოსმოსისა, რაც კი ამ დრომდე გადაგვიღია“ - ერთი წინადადებით აი ასე აღწერენ ტელესკოპ James Webb-ის მიერ გადაღებულ კოსმოსური სივრცის პირველ ფერად ფოტოს, ინფრაწითელ გამოსახულებას, რომელიც NASA-მ 11 ივლისს გამოაქვეყნა.

ფოტოს აღწერის თანახმად, მასზე აღბეჭდილია გალაქტიკათა შუქი, რომელსაც ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა.

იმას, რასაც ფოტოზე ვხედავთ, არის გალაქტიკების ნაკრები, ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედის, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით - მონაკვეთი, რომელსაც SMACS 0723-ს უწოდებენ.

James Webb-ის ობიექტივში მოექცა ათასობით გალაქტიკა, მათ შორის, ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებზეც ოდესმე ჩატარებულა დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში. ფოტოზე აღბეჭდილი სივრცე კი ცის უმცირესი ნაწილია, დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომის, რომელიც ცისკენ მიმართულ ხელში გვიჭირავს. გალაქტიკების ნაკრებთან, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ, „სულ რაღაც“ 4,6 მილიარდი სინათლის წელი გვაშორებს.

Webb-მა თავისი 6.5 მეტრის სიგანის უზარმაზარი ცენტრალური სარკითა და სუპერ-მგრძნობიარე ინფრაწითელის ინსტრუმენტებით, მოახერხა და ფოტოზე აღბეჭდა გალაქტიკების მრუდე კონტურები (წითელი რკალები), რომლებიც დაახლოებით 600 მილიონი წელია არსებობენ დიდი აფეთქების შემდეგ, რომელიც მეცნიერების აზრით, 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა:

ბილ ნელსონი
ბილ ნელსონი

„სინათლე წამში 186 000 მილს გადის და იმ სინათლეს, რომელსაც ერთ-ერთ პატარა ლაქაზე ხედავთ, უკვე 13 მილიარდ წელზე მეტია მოგზაურობს“, - ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი და აგრძელებს: „და კიდევ, ჩვენ უფრო შორსაც ვბრუნდებით, რადგან ეს მხოლოდ პირველი გამოსახულებაა. ისინი დაახლოებით 13,5 მილიარდი წლის უკან ბრუნდებიან. და რაკი ჩვენ ვიცით, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა, თქვენ დაახლოებით სამყაროს დასაწყისში ბრუნდებით“.

James Webb-ის მიერ გადაღებული პირველი ფოტო თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა გამოფინეს.

კოსმოსური სივრცის პირველი ფერადი ფოტოს პრეზენტაცია თეთრ სახლში, 11 ივლისი
კოსმოსური სივრცის პირველი ფერადი ფოტოს პრეზენტაცია თეთრ სახლში, 11 ივლისი

„ამ ფოტოებს შეუძლიათ მსოფლიოს შეახსენონ, რომ ამერიკას დიდი საქმეების კეთება შეუძლია, ამერიკელებს და განსაკუთრებით კი ბავშვებს, შეახსენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. ჩვენ ის შესაძლებლობები შეგვიძლია დავინახოთ, რაც აქამდე არავის უნახავს. ისეთ ადგილებში შეგვიძლია წავიდეთ, სადაც არავინ ყოფილა“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

კოსმოსურმა ტელესკოპმა James Webb-მა, რომლის შექმნასაც 16 წელი და 10 მილიარდი დოლარი დასჭირდა, დედამიწა გასული წლის 25 დეკემბერს დატოვა. ობსერვატორია ცაში აწია რაკეტა Ariane-მ, ატლანტის ოკანის სანაპიროზე მდებარე „კურუს“ აეროდრომიდან.

„კურუს“ აეროდრომი, რაკეტა Ariane ტელესკოპით ბორტზე, 2021 წლის 25 დეკემბერი
„კურუს“ აეროდრომი, რაკეტა Ariane ტელესკოპით ბორტზე, 2021 წლის 25 დეკემბერი

უნიკალურ ტელესკოპი გასული საუკუნის 60-იან წლებში, NASA-ს ხელმძღვანელის, ჯეიმს ვების სახელს ატარებს.

James Webb-ის კოსმოსური ტელესკოპი, ასჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე სახელგანთქმული ასტრონომის, ედვინ პაუელ ჰაბლის სახელის მატარებელი Hubble-ის ტელესკოპი, რომელიც მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ 1990 წელს გაეშვა კოსმოსში. Hubble იყო და ამ დრომდე კვლავ რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ინსტრუმენტად. NASA წლების განმავლობში ტელესკოპს აახლებდა, რის შედეგადაც მან მილიონობით ფოტოს გადაღება მოახერხა, თუმცა James Webb-ის შესაძლებლობებთან ის ახლოსაც ვერ მივა.

James Webb-ის ტელესკოპი 6,5 მეტრის სიგანისაა და შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის. ეს პარამეტრები Webb-ის ტელესკოპს მოქმედების გაცილებით დიდ არეალს აძლევს, ვიდრე ეს Hubble-ს შეუძლია. Hubble-ის სარკე არის ბევრად უფრო მცირე 2,4 მეტრი დიამეტრის და მისი შესაბამისი შეგროვების ფართობი 4,5 მ2-ია.

James Webb-ის ტელესკოპის ძირითადი სარკე
James Webb-ის ტელესკოპის ძირითადი სარკე

სრულად გაამართლა ასტროფოტოგრაფ დავით დვალის მოლოდინები James Webb-ის კოსმოსურმა ტელესკოპმა. ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც 11 ივლისს გავრცელდა, ის მეცნიერების ტრიუმფს უწოდებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი. დავით დვალი ფიქრობს, რომ Webb-ის შესაძლებლობების წყალობით, მეცნიერებას წინ ბევრი რევოლუციური აღმოჩენა ელის:

დავით დვალი
დავით დვალი

„ეს ტელესკოპი, რომელიც სრულიად უნიკალურია თავისი მახასიათებლებით, ინფრაწითელი დიაპაზონისთვის მგრძნობიარე კამერებითაა აღჭურვილი, რაც შორეული კოსმოსის დასანახადაა გათვლილი. Webb-ის ტელესკოპს შეუძლია დაინახოს ჩვენი სამყაროს თითქმის დასაწყისი, ანუ გაიხედოს 13 მილიარდი წლის მანძილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხედავთ სამყაროს საწყის მდგომარეობას. 11 ივლისს გამოქვეყნებული სურათი საოცარია სწორედ ამ თვალსაზრისით, რადგან ჩანს, როგორი ინტენსიური ფორმირება მიმდინარეობდა გალაქტიკების, რომელიც ჩვენ აქამდე ნანახი არ გვქონდა. მთავარი, რაც არის ამ ფოტოზე, ეს გრავიტაციული ლინზაა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ფოტო არის მეცნიერების ტრიუმფი. გრავიტაციის ლინზა, ძალიან მძიმე და მასიური სხეულების მიერ სინათლის სხივის გარდატეხის უნარი, აინშტაინის წინასწარმეტყველება იყო მის „ფარდობითობის თეორიაში“ და დღეს გრავიტაციულ ლინზას ჩვენ უკვე ჩვენი თვალით ვხედავთ. ანუ, როგორ შეუძლია გრავიტაციას სინათლე გაამრუდოს და ეს მაგალითი ბრწყინვალედ ასახავს ამას. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენსა და ძალიან შორ გალაქტიკას შორის არის მასიური სხეული, ეს შეიძლება იყოს შავი ხვრელი, გალაქტიკების დაჯგუფება და ამ სხეულებს აქვთ ისეთი მძლავრი გრავიტაციული ველი, რომ სინათლის სხივები მათ გარშემო, როგორც ლინზაში, ისე გარდატყდება და ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რა ხდება ამ შავი ხვრელის უკან, შორეულ გალაქტიკებში. ყველაზე საინტერესო კიდევ წინ გვაქვს. ეს ხომ მხოლოდ ერთი თორმეტსაათიანი ფოტოა, მიშვერილი სამყაროს უმცირეს ნაწილზე. ძალიან დიდი სიურპრიზები გველის წინ. იმ სამყაროზე, სადაც ამ ახალ ტელესკოპს შეუძლია გახედვა, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით და ვიცით ძალიან თეორიულ და ზედაპირულ დონეზე. დარწმუნებული ვარ, იმდენ სიახლეს და მონაცემს მოგვცემს ეს ტელესკოპი, რომ წინასწარმეტყველებაც კი ძნელია, საით შეუძლია გაუხვიოს მეცნიერებამ ამ მონაცემებზე დაყრდნობით. მგონია, რომ ბევრი რევოლუციური აღმოჩენა, ბევრი სრულიად ახალი მიგნება იქნება წინ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ექსპერიმენტული ნაწილი ცოტათი წინ გაუსწრებს თეორიულ ნაწილს“.

ახლა Webb-ის ტელესკოპი მზის გარშემო, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს.

NASA-ს ადმინისტრატორი, ბილ ნელსონი ამბობს, რომ ტელესკოპი შეისწავლის მზის სისტემის ობიექტებს და სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს, რომელი მეცნიერებს მისცეს მინიშნებებს, ჰგავს თუ არა მათი ატმოსფეროები დედამიწისას.

როგორც NASA იტყობინება, James Webb-ის კოსმოსური ტელესკოპი 20 წლის განმავლობაში იმუშავებს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG