Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე სოსო გოგაშვილის დაკავებაზეა ცნობილი


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაკავებულია და ინფორმაციას ადასტურებს ის უწყება, რომელშიც მანამდე თავად მუშაობდა. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ სახლში, სადაც გოგაშვილი ცხოვრობდა.

როდის დააკავეს გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი მის სახლში წუხელ გვიან ღამით დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ შედიან ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილის სახლში, მისმა ცოლმა გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილს ფიზიკურად შენობაში შესვლის პირველსავე წამებში აკავებენ.

რა ხდებოდა დაკავებამდე?

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას წინ უსწრებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიერ ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მედიასაშუალებებით, სავარაუდო, ფარული ჩანაწერების გასაჯაროება.

ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.

როგორ გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები?

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სოსო გოგაშვილის შვილების საცხოვრებელ სახლებში. ნინო გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს ლეპტოპი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. როგორც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა თქვა, ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს.

"მოსამართლის განჩინებაა, რომ ამ მისამართზე ჩატარდეს ჩხრეკა, რათა აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები. კონკრეტულად, ელექტრომოწყობილობები, ნოუთბუქი და ა.შ..." - უთხრა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა, გაიოზ დიდიამ ნინი გოგაშვილს.

ნინო გოგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ოჯახის სხვადასხვა წევრის კუთვნილ 6 საცხოვრებელ სახლში, მათ შორის სამი თბილისშია, ორი კახეთში, აჭარაში.

რას ამბობს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ეტაპზე მხოლოდ მშრალ ინფორმაციას აწვდიან მედიას.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ში, სადაც არც სისხლის სამართლის საქმე დააკონკრეტეს, არც მუხლი, რის საფუძველზეც ტარდება ჩხრეკა.

რა გაირკვა დამატებით?

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მხოლოდ მშრალ ინფორმაციას ავრცელებენ, დეტალების გარკვევა შესაძლებელია სოსო გოგაშვილის შვილის, ნინო გოგაშვილის გადაღებული ვიდეოებიდან, რომელიც მან თავად "ფეისბუკით" გაავრცელა.

ვიდეოში, როცა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გაიოზ დიდია ნინო გოგაშვილს აცნობდა მოსამართლის განჩინების შინაარსს, გამოჩნდა მისი გამოცემის თარიღი 15 ივლისი. საგამოძიებო სამსახურის ამავე თანამშრომელმა ნინო გოგაშვილს უთხრა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარე საქმის ფარგლებში.

რას ამბობს ოჯახი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი მამის დაკავების დროს სამართალდამცავებმა იარაღი და ისეთი ელექტრონული მოწყობილობები "ჩაუდეს", რომელზეც ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი. სოსო გოგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეტალებზე ადვოკატის აყვანის შემდეგ ისაუბრებენ.

"ვარაზის ქუჩაზე ჩაგვიდეს იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები. ამას დედაჩემიც და დეიდაჩემიც შეესწრნენ და უთხრეს, რას აკეთებდნენ. მათ ძალადობრივად გადაუგრიხეს ხელები და ჩამოიყვანეს ქვემოთ. მერე ერთმანეთს უთხრეს, რომ "საჩუქარი ადგილზეა" და პრემიებსაც მიიღებდნენ. მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გოგაშვილმა.

მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG